LIVE

შესაძლოა, ბიზნესისთვის გაზი კიდევ გაძვირდეს - მარგველაშვილი

08 ნოე 202116:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1049

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ დირექტორი მურმან მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში ბუნებრივი აირი გაძვირდეს. როგორც მან "ბიზნეს ფორმულას" ეთერში აღნიშნა, ევროპაში გაზრდილი მოთხოვნისა და რუსეთის მიერ შემცირებულ მიწოდების გათვალისწინებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზის გაძვირების საფრთხე არსებობს.

„გაზის ფასი ევროპაში ბევრ სუბიექტურ და ობიექტურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ობიექტური ფაქტორი ცივი ზამთარია, რასაც ელიან წელს ევროპაში. სუბიექტური ფაქტორია „ჩრდილოეთის ნაკადი-2”-ის გარშემო არსებული დაპირისპირება. ამ გაზსადენის სერტიფიცირების დასაჩქარებლად რუსეთი იყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტს და არ აწვდის ევროპას საჭირო რაოდენობის გაზს. რაც შეეხება იმას, როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე, როგორც ცნობილია, ჩვენ ძირითადად აზერბაიჯანის გაზს ვიყენებთ. თუმცა, აზერბაიჯანსაც გააქვს გაზი ევროპაში და სავარაუდოდ, ისიც აწევს ფასს. შესაბამისად, შესაძლოა ჩვენთანაც გაიზარდოს გაზის ფასი. კერძოდ, იმ კომერციული ორგანიზაციებისთვის რომლებსაც თავისი შეხედულებით უწესებს „სოკარ ჯორჯია გაზი" ფასს”,- განაცხადა „ბიზნეს ფორმულას“ ეთერში მარგველაშვილმა.

მაგველაშვილის განცხადებით, აუცილებელია, რომ საქართველომ გაზის ალტერნატიულ წყაროებზე იფიქროს.

„აუცილებელია ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჩვენი წყაროების მოძიება. ცოტა ხნის წინ 20 თეთრით გაუძვირა კიდეც „სოკარ გაზმა“ ბუნებრივი აირი კომერციულ საწარმოებს საქართველოში. ეს შეიძლება არ იყოს მთლიანი სურათი. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ნახევრად გაუმჭვირვალე ხელშეკრულებით ვართ დაკავშირებული „სოკარ გაზთან“. აუცილებელია, გაზსაცავის მშენებლობასთან ერთად მივაღწიოთ ბაზრის გამჭვირვალე რეგულირებას. უნდა ვცადოთ, რომ რუსული და აზერბაიჯანული გაზი მაქსიმალურად კონკურენტულ პირობებში ჩავაყენოთ. გარდა ამისა, უნდა გადაიჭრას ე.წ. სოციალური გაზის საკითხი და ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული ბუნებრივი აირი უფრო ყაირათიანად გამოვიყენოთ“,- აცხადებს მარგველაშვილი. 

საქსტატი მონაცემებით, მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტში $138.1 მილიონი გადაიხადა. რუსული გაზის იმპორტი კი $39.9 მილიონი დაუჯდა.

რაც შეეხება გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფს, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის მოქმედი ტარიფები სემეკმა 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაადგინა, შესაბამისად ამ პერიოდში მოქალაქეებისთვის გაზი არ გაძვირდება.