LIVE

მიწოდების ჯაჭვის კრიზისი მსოფლიო ეკონომიკას ჩამოშლით ემუქრება

10 ნოე 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1164
მიწოდების ჯაჭვის კრიზისი მსოფლიო ეკონომიკას ჩამოშლით ემუქრება
Bloomberg

გასულ წელს გლობალური ეკონომიკა გაჩერდა. წელს ის კვლავ ამოძრავდა, მაგრამ ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს საცობში გაიჭედა.

Bloomberg Economics-ის მიერ შემუშავებული ახალი ინდიკატორები ხაზს უსვამს ამ პრობლემის უკიდურესობას, სწრაფი გამოსავლის პოვნაში მსოფლიოს წარუმატებლობას. 

კვლევა რაოდენობრივად აფასებს იმას, რაც პლანეტის დიდ ნაწილზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს - ცარიელი თაროები სუპერმარკეტებში, პორტები, რომლებიც გადატვირთულია, ან ავტომობილების ქარხნები, სადაც მიკროჩიპების ნაკლებობის გამო წარმოება შენელებულია. ამ ყველაფერს თან ერთვის ფასების მატება თითქმის ყველაფერზე.

ცენტრალური ბანკები, რომლებსაც ინფლაცია „გარდამავლად“ აღარ მიაჩნიათ, შესაძლოა, ფასების ზრდას საპროცენტო განაკვეთის მოსალოდნელზე ადრე ზრდით შეეწინააღმდეგონ. ეს ახალ საფრთხეს უქმნის მსოფლიო ეკონომიკის უკვე შეფერხებულ აღდგენას.

თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ტვირთის გადაზიდვის პრობლემა. მსოფლიო ჯერ კიდევ ვერ აწარმოებს საკმარის პროდუქტს.

მწარმოებლები გაურკვევლობაში მოახვედრა წლევანდელმა ზრდამ. მათ შეკვეთები გასულ წელს შეამცირეს, როდესაც მომხმარებლებმა ხარჯვა შეწყვიტეს.

ამასთან, ჩინეთი, მსოფლიოს მთავარი მწარმოებელი, ვირუსის ხელახალი გავრცელების წინაშეა, რაზეც მიზნობრივი ჩაკეტვებით რეაგირებს. პარალელურად, ფასები ჩინეთის ქარხნებში წლიურად 10%-ით იზრდება, რაც 1990-იანი წლების შემდეგ ყველაზე სწრაფი ზრდაა.

ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, Bloomberg Economics-ის მიწოდების ინდექსები დეფიციტს აჩვენებს, რომელიც აშშ-ში ბოლო 20 წლის მანძილზე ყველაზე მაღალ დონეზეა. დეფიციტი გაზრდილია გაერთიანებულ სამეფოსა და ევროზონის ქვეყნებშიც.

ისეთ გიგანტებიც კი, როგორიც Amazon-ი და Apple-ია, ვერ ხედავენ სიტუაციის სწრაფად გაუმჯობესების გზას. Amazon-მა განაცხადა, რომ მეოთხე კვარტლის მოგება, შესაძლოა, ხარჯების ზრდის გამო წაიშალოს. Apple-ი აცხადებს, რომ $6 მილიარდი დოლარის გაყიდვები მოთხოვნის დაკმაყოფილების შეუძლებლობის გამო დაკარგა და შესაძლოა, მეტი დაკარგოს მომდევნო კვარტალში.

მიწოდების პირობების შემსუბუქება თებერვლის დასაწყისში, ჩინური ახალი წლის შემდეგ არის მოსალოდნელი.

„შეფერხებები შეიძლება გაგრძელდეს მინიმუმ მომავალი წლის შუა რიცხვებამდე“,- აცხადებს შანელა რაჯანაიაგამი, HSBC-ის სავაჭრო ეკონომისტი.

ამ შემთხვევაშიც კი, გაზრდილი მოთხოვნა და მარაგების შევსების საჭიროება ზეწოლას შეინარჩუნებს, ამბობს რაჯანაიაგამი. მისი თქმით, მიწოდების ჯაჭვების სრულად განტვირთვას გარკვეული დრო დასჭირდება.

თუმცა, რა იქნება შემდეგ ამოუცნობია, ნაწილობრივ იმის გამო, რომ სავაჭრო კალათებამდე ბევრი საცობია წარმოქმნილი. როდესაც ერთი მიმწოდებელი ელოდება მეორეს, შეფერხებები ერთმანეთზე ვრცელდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლოგისტიკური სისტემები, როგორც წესი, გლობალური ეკონომიკის აღმავლობასა და ვარდნას პროგნოზირებადი ტენდენციით მისდევენ: მოთხოვნის ზრდა ზრდის ვაჭრობას, რაც ზრდის ტრანსპორტირების ფასს და ტვირთის გადამზიდებს კარგ პერიოდს აუწყებს. საბოლოოდ, ისინი გადაიტვირთებიან, რასაც მოჰყვება კოლაფსი.

პანდემიამ ეს ციკლი ჩააგდო. ზრდის შენელების ნიშნების ფონზეც კი, საერთაშორისო ვაჭრობა არასოდეს ყოფილა ასე გაჭედილი.

ყველაფერთან ერთად, მსოფლიოში გადაზიდვის შეფერხებებს ხშირად მოჰყვა ამინდის პრობლემები და ვირუსის ახალი ტალღები.

თუმცა, უახლესი ისტორიის ყველაზე ღრმა რეცესიიდან გამოსული გლობალური ეკონომიკისთვის, მიწოდების დეფიციტი, რომელიც ნაწილობრივ ძლიერი მოთხოვნითაა გამოწვეული, კარგი პრობლემაა. უარესი იქნებოდა საპირისპირო: ჭარბი მიწოდება, რადგან უმუშევრობამ ეკონომიკა შეაჩერა.

მიუხედავად ამისა, ეს ყველაზე ნაკლებად ცუდი ვარიანტი ჯერ კიდევ უამრავ პრობლემას ქმნის. ინფლაცია უკვე საკმარისად გაზრდილია იმისთვის, რომ მონეტარული პოლიტიკის შემქმნელებისთვის კომფორტის ზონის მიღმა აღმოჩნდეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ბიორნ ვან როი და ბრენდან მიუერი