LIVE

საქართველოს მთავრობა სათანადო კომპეტენციას ვერ აჩვენებს - თედ ჯონასი

02 ნოე 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1211

ბიზნესმენი თედ ჯონასი აცხადებს, რომ მხოლოდ დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციები ქვეყანაში ინვესტორების მოსაზიდად საკმარისი არ არის. მისი შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას ამცირებს, ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობაა.

"ვფიქრობ, მთავარი გამოწვევა ისაა, რომ მთავრობა ვერ აჩვენებს სათანადო კომპეტენციას, სათანადოდ არ დგას ბიზნესის გვერდით, აკლია შემოქმედებითობა და დინამიკა. ამას ემატება ისიც, რომ ახლა საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობის მაღალი დონეა. სამწუხარო რეალობაა ისიც, რომ საქართველო კარგავს საჭირო უნარების მქონე სამუშაო ძალას - მთავრობაში ნაკლებად ვხვდებით სათანადო კომპეტენციის მქონე კადრებს, რომლებიც ეფექტურ პოლიტიკას შეიმუშავებენ.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის და სათანადო გეგმის არარსებობაა, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ არსებული რესურსები იმისთვის, რომ დამატებული ღირებულების შემქმნელი ბიზნესი დააინტერესოს. მხოლოდ ტურიზმი და საბანკო სექტორი სამწუხაროდ საკმარისი არ არის. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თუკი მთავრობა ფრთხილად არ იქნება ტურიზმიც კი ვეღარ განვითარდება, რადგან ქვეყანა ტურისტებისთვისაც დაკარგავს მიმზიდველობას“,- განაცხადა თედ ჯონასმა "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მეტწილად რეინვესტირების ხარჯზე ნარჩუნდება. PMC კვლევითი ცენტრის კვლევის თანახმად, ქვეყანა კვლავ ცალკეულ პროექტებზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული რჩება.