
ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის (OED) ლექსიკოგრაფებმა წლის სიტყვად Vax (ვაქცინა, ვაქცინაცია) დაასახელეს.
"არც ერთი სიტყვა არ გადმოსცემს ამ წლის ატმოსფეროს უკეთესად, ვიდრე vax-ი",- აღნიშნულია განცხადებაში.
OED-ის უფროსი რედაქტორი ფიონა მაკფერსონი ამბობს, რომ vax აშკარა არჩევანი იყო, რადგან მას „ყველაზე შთამბეჭდავი გავლენა“ ჰქონდა.
აღმოჩნდა, რომ 2021 წლის სექტემბრისთვის ეს სიტყვა 72-ჯერ უფრო ხშირად გამოიყენებოდა, ვიდრე 2020 წელს. მიმდინარე წელს უფრო პოპულარული გახდა სიტყვები, როგორიცაა double-vaxxed (ორჯერ ვაქცინირებული), unvaxxed (აუცრელი), anti-vaxxer (ვაქცინაციის მოწინააღმდეგე).
ასევე, პოპულარულია სიტყვა "პანდემია", რომლის გამოყენებაც წელს 57,000%-ით გაიზარდა.
ოქსფორდის ლექსიკონის გარდა, წლის სიტყვას ასახელებს კოლინზის ინგლისური ენის ლექსიკონის ვებგვერდიც. 2020 წელს ლექსიკონის ვებგვერდმა ასეთ სიტყვად "ლოკდაუნი" გამოყო.
გასულ წელს ოქსფორდის ლექსიკონს ერთი კონკრეტული სიტყვა არ დაუსახელებია, მან გამოყო რამდენიმე საკვანძო სიტყვა, მათ შორის, "ლოკდაუნი", ტყის ხანძარი, Covid-19, Black Lives Matter (შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია), WFH (მუშაობა სახლიდან) და სხვა.
სიტყვა vax, პირველად 1799 წელს დაფიქსირდა, ხოლო vaccinate, vaccination (აცრა, ვაქცინაცია) ერთი წლის შემდეგ, 1800 წელს. ეს სიტყვები მოდის ლათინური სიტყვიდან vacca, რაც "ძროხას" ნიშნავს. OED-ს მიხედვით, ცნობილია, რომ სიტყვის წარმომავლობა უკავშირდება ინგლისელ ექიმს ედვარდ ჯენერის ნაშრომს სახელწოდებით „კვლევა Variolae vaccinae-ისა, აგრეთვე ცნობილი როგორც ძროხის ყვავილი“. მეცნიერი 1790-1800 წლებში ჩუტყვავილას ვაქცინაზე მუშაობდა. მოგვიანებით ეს ტერმინი ახალ დამცავ აცრებზეც გავრცელდა.