LIVE

გაუარესებული კოვიდ სტატისტიკის ფონზე რუსეთი ვაქცინაციის კამპანიას განაახლებს

28 ოქტ 202120:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 735
გაუარესებული კოვიდ სტატისტიკის ფონზე რუსეთი ვაქცინაციის კამპანიას განაახლებს

კრემლი ქვეყანაში ვაქცინაციის ნელი ტემპით უკმაყოფილოა. რუსეთის ხელისუფლება მიღებული შედეგებით ასკვნის, რომ ვაქცინაციის კამპანია არაეფექტური აღმოჩნდა.

მსოფლიოს უდიდეს ქვეყანაში, 22 ოქტომბრის მონაცემებით, სრულად აცრილია 49.1 მილიონი ადამიანი. მთლიანი მოსახლეობა, ანექსირებული ყირიმის გამოკლებით, ოფიციალურად დაახლოებით 144 მილიონია.

ვაქცინაციის არასახარბიელო მონაცემების პარალელურად, რუსეთში კოვიდსტატისტიკა უარესდება. დღევანდელი მონაცემებით, COVID-19-ით ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში გარდაიცვალა 1,159 ადამიანი, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამასთან, პირველად, ყოველდღიური ინფექციების რიცხვმა 40,000-ს გადააჭარბა. 

ამ ფონზე, გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, რუსეთი ვაქცინაციის  რეკლამას და საჯარო საინფორმაციო კამპანიის განახლებას გეგმავს. 

„კომერსანტი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაახლოებულ ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ კრემლი მუშაობს ახალ კამპანიაზე, რომელიც უფრო მეტად მიმართული იქნება რუსეთის 80-ზე მეტ რეგიონზე და აქამდე არსებულისგან განსხვავებით, ნაკლებად ნეგატიური იქნება. მასში მოხალისეები და ექსპერტები ჩაერთვებიან.   

მოქმედი კამპანია ხშირად ხაზს უსვამს აუცრელების გარდაცვალების რისკს და ნაკლებად უჩვენებს პოზიტიურ სარგებელს, რაც ვაქცინაციას მოაქვს. 

გადატვირთული საავადმყოფოების გამო, რუსეთის დედაქალაქში დღეს 2020 წლის ივნისის შემდეგ, ყველაზე მკაცრი რეგულაციები ამოქმედდა.