LIVE

რუსეთი მოლდოვას გაზის შეწყვეტით ემუქრება

27 ოქტ 202113:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 865
რუსეთი მოლდოვას გაზის შეწყვეტით ემუქრება
YEVGENY PAULIN/RUSSIAN PRESIDENTIAL PRESS

რუსეთი მოლდოვას, ევროპის უღარიბეს ქვეყანას გაზის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება. ევროპის ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, შანტაჟის მიზეზი ისტორიული გადაწყვეტილება გახდა.

“ორშაბათს ჩვენი ქვეყანა ისტორიაში შევიდა. მოლდოვამ პირველად იყიდა გაზი ისეთი წყაროდან, რომელიც არ იყო რუსული Gazprom-ი”,- ამბობს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკუ პოპესკუ.

პოლონური PGNiG-დან შესყიდული გაზის მოცულობამ ერთი მილიონი კუბური მეტრი შეადგინა. თუმცა, მოლდოვას გაცილებით დიდი მოცულობები დასჭირდება, თუ Gazprom მართლაც შეასრულებს მუქარას და გაზის მილსადენებს გადაკეტავს.

მოლდოვაში იმპორტირებული გაზის 100% დღემდე რუსეთზე მოდიოდა, მაგრამ მიწოდების კონტრაქტი სექტემბრის ბოლოს ამოიწურა. Gazprom-მა ფასი გაზარდა, ხოლო მოლდოვამ მის გადახდაზე უარი თქვა. ახალი შეთანხმების არარსებობის გამო, რუსულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა შეამცირა მიწოდება, რის გამოც მოლდოვამ 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. Gazprom-მა მოლდოვა “კრიზისის პროვოცირებაში” დაადანაშაულა და $709 მილიონიანი ვალის დაფარვა მოითხოვა, რაც მოლდოვას ხელისუფლებისთვის სადავო საკითხია.

მოლაპარაკებები გრძელდება. მოლდოვას ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სურთ Gazprom-თან ახალი კონტრაქტის გაფორმება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირობები ხელსაყრელი იქნება.

თუ რუსეთთან შეთანხმება არ შედგება, შეუძლია მოლდოვას, ევროპის ერთ-ერთ უღარიბეს ქვეყანას, სხვაგან იყიდოს საკმარისი გაზი?

“ეს არის ყველაზე ცუდი დრო გაზის კრიზისისთვის. ფასები უფრო მაღალია, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვხედავთ კრიზისს მსოფლიო მასშტაბით, მაგრამ გვაქვს მხარდაჭერა. ბოლო წლებში რუმინეთმა მოლდოვაში ახალი გაზსადენი ააშენა, რომელიც გვაძლევს უსაფრთხოების სარქველს. ჩვენ ასევე მივიღეთ რამდენიმე რჩევა ევროკავშირისგან, თუ როგორ განვახორციელოთ ქვეყნისთვის გაზის მიწოდების დივერსიფიკაცია რამდენიმე დღეში”,- ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი.

წარსულში მოსკოვის ორბიტაზე მყოფი მოლდოვა ახლა რუსეთიდან დასავლეთისკენ იხრება. ქვეყნის ხელმძღვანელობა პროევროპულია და მხარს უჭერს ევროკავშირთან მჭიდრო კავშირებს. არსებობს ეჭვი, რომ გაზის კრიზისი კრემლის უკმაყოფილების გამოხატვის საშუალებაა.

“წელს ჩვენ გვქონდა საპარლამენტო არჩევნები და პრორუსული პარტია დამარცხდა. ხელისუფლებაში პროდასავლური პარტია გვყავს. ასე რომ, რუსეთმა შეცვალა მიდგომა გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით. კრემლს სურს მოლდოველი ხალხის დასჯა პრორუსული პარტიის წინააღმდეგ ხმის მიცემის გამო. ეს სუფთა პოლიტიკაა. ვლადიმერ პუტინი ცდილობს, ყოფილი საბჭოთა ქვეყნები კრემლის გავლენის ზონაში დატოვოს. ჩვენ არ გვინდა მუხლებზე დავდგეთ მოსკოვის წინ. ჩვენ უნდა ვუთხრათ არა რუსეთის შანტაჟს და ახლა გვაქვს შესაძლებლობა, მას თავი დავაღწიოთ”,- ამბობს სერგიუ ტოფილატი, მოლდოვის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ენერგეტიკის სფეროში.

თუმცა, მოლდოვას გაუჭირდება რუსეთის გავლენის შემცირება. ენერგეტიკული თვალსაზრისით, მოლდოვა მჭიდროდ არის დაკავშირებული მოსკოვთან. მეტიც, ქვეყანა 100%-ით იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე. Gazprom ფლობს საკონტროლო წილს მოლდოვის გაზის კომპანიაში, Moldovagaz-ში. მოლდოვას ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი მოდის რუსეთის საკუთრებაში არსებულ ელექტროსადგურზე დნესტრისპირეთში, სეპარატისტულ რეგიონში, რომელსაც მოსკოვი ეკონომიკურად, პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით უჭერს მხარს.

თუმცა, სწორედ დნესტრისპირეთი შეიძლება აღმოჩნდეს სუსტი წერტილი მოსკოვისთვის.

“Gazprom-ს სჭირდება გაზის კონტრაქტი მოლდოვასთან, რათა მან სეპარატისტულ რეგიონს გაზი მიაწოდოს. Gazprom-ი საჯარო კომპანიაა, მას არ შეუძლია კონტრაქტი გააფორმოს ოფიციალურად არაღიარებულ დნესტრისპირელ მომწოდებელთან”,- ამბობს სერგიუ ტოფილატი.

ახლა მთავრობა, რომელმაც პროევროპული კურსი აირჩია, საშიშროების წინაშე დგას: გაზის ხანგრძლივმა დეფიციტმა და ელექტროენერგიის მაღალმა გადასახადმა შეიძლება მოლდოველები დააეჭვოს, თუ რა მიმართულებით მიდის მათი ქვეყანა.