LIVE

„ფინკა ბანკს“ საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

25 ოქტ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1094
„ფინკა ბანკს“ საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

„ფინკა ბანკს“ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა. როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ბრძანებულებაშია აღნიშნული, მიზეზი "კრედო ბანკის" მიერ „ფინკა ბანკი საქართველოს“ შესყიდვაა.

„კრედო ბანკს“ მფლობელობაში გადადის „ფინკა ბანკი საქართველოს“ ფასიანი ქაღალდები. საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ არსებული სასესხო ვალდებულებები. 2021 წლის 31 დეკემბრამდე „კრედო ბანკი“ განკარგავს „ფინკა ბანკი საქართველოსთვის“ IBAN კოდსაც. გარდა ამისა, იხურება სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ საკორესპოდენტო ანგარიშები უცხოურ ვალუტაში, ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი უცხოური ვალუტის მინიმალური რეზერვის, ყველა ვალუტის საკასო და სადეპოზიტო ანგარიშები.

როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებულებაშია აღნიშნული, სს „ფინკა ბანკი საქართველოს“ აღნიშნულ ანგარიშებზე არსებული თანხები ჩაირიცხება სს „კრედო ბანკის“ შესაბამისი დანიშნულების ანგარიშებზე. სს „კრედო ბანკის“ საკორესპოდენტო ანგარიშებზე აისახება, ასევე მინიმალური რეზერვების, სადეპოზიტო და საკორესპოდენტო ანგარიშებზე დარიცხული პროცენტებიც.

ამჟამად ქართული საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, თუმცა, როდესაც „კრედო ბანკის“ მიერ "ფინკა ბანკი საქართველოს" შესყიდვა დასრულდება, სავარაუდოდ წლის ბოლოს, საქართველოში კომერციული ბანკების რაოდენობა 14-მდე შემცირდება.