LIVE

Tesla-ს Model 3 ევროპის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა

26 ოქტ 202118:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1160
Tesla-ს Model 3 ევროპის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა
Tesla Inc.

გასულ თვეში Tesla-ს Model 3 ევროპის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი გახდა. ელექტრომობილმა ბენზინის ძრავიან კონკურენტ მოდელებს გაყიდვებით პირველად გაუსწრო.

Jato Dynamics-ის თანახმად, ამერიკული ავტომწარმოებლის ყველაზე ხელმისაწვდომმა მოდელმა გაყიდვებში Renault-ს Clio და Volkswagen-ის Golf-იც დაამარცხა. როგორც კვლევითი ფირმის ანგარიშშია ნათქვამი, Model 3-ის გაყიდვები ნაწილობრივ ასახავს კომპანიის ინტენსიურ გაყიდვებს კვარტლის ბოლოს.

ყოველთვიური გაყიდვების გვირგვინის მიღება გარდამტეხი ეტაპია ელექტრომობილებისთვის და კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ საავტომობილო ინდუსტრია წვის ძრავისგან დისტანცირებას აჩქარებს. ეს ასევე პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროპის გარეთ წარმოებულმა ავტომობილმა რეგიონში გაყიდვებში პირველი ადგილი დაიკავა.

მთავრობები ელექტრომობილებზე ან ჰიბრიდულ მოდელებზე გადასვლაში მყიდველებს დიდ სტიმულს სთავაზობენ. ასეთი ავტომობილები სექტემბრის მონაცემებით ბაზრის 23%-ს შეადგენს, რაც 2020 წლის მონაცემებთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.

Tesla-მ სექტემბერში მომხმარებლებს 24,591 Model 3 გაუგზავნა, რაც გასულ წელთან შედარებით 58%-იანი ზრდაა.

აღსანიშნავია, რომ Tesla-მ Facebook-ს გაუსწრო და აშშ-ში მეხუთე უმსხვილესი საჯარო კომპანია გახდა. Hertz-თან $4,2 მილიარდიანი გარიგების შემდეგ, კომპანიის საბაზრო ღირებულება $1 ტრილიონს აჭარბებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტარა პატელი