
5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები, სავარაუდოდ, ხელმისაწვდომი ნოემბრის პირველ ნახევარში გახდება. ამის შესახებ აშშ-ის ინფექციური დაავადებების მთავარმა ექსპერტმა, ენტონი ფაუჩიმ გუშინ განაცხადა. მისივე თქმით, წლის ბოლომდე ბევრი ბავშვის სრულად აცრა მოესწრება.
"თუ ყველაფერი კარგად წავა და ვაქცინაცია დამტკიცებული და რეკომენდებული იქნება CDC-სგან, სრულიად შესაძლებელია, რომ ვაქცინები 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ნოემბრის პირველი ან ორი კვირის განმავლობაში",- თქვა ფაუჩიმ ABC-სთან ინტერვიუში.
ამჟამად აშშ-ის "საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის" (FDA) წარმომადგენლები განიხილავენ Pfizer/BioNTech-ის განაცხადს მათი ვაქცინის ბავშვებში გამოყენებისთვის დამტკიცების შესახებ. გარე მრჩევლების შეხვედრა დაგეგმილია 26 ოქტომბერს. FDA, როგორც წესი, მიჰყვება თავისი პანელის რეკომენდაციას, მაგრამ მას ამის ვალდებულება არ აქვს.
აშშ-ის "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" (CDC) მრჩევლები FDA-ს რეკომენდაციას 2 და 3 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ, რის შემდეგაც CDC-ს დირექტორი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
CDC-ის დირექტორის, როშელ ვალენსკის თქმით, სააგენტო ითვალისწინებს მშობლების სურვილს, რომ მაქსიმალურად სწრაფად გახდეს ვაქცინები ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი, ამიტომ CDC, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად სწრაფად იმოქმედებს.
ვაქცინაციის დამტკიცების შემთხვევაში, აშშ-ში დაახლოებით 28 მილიონამდე ბავშვს აცრის უფლება მიეცემა.
აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე გადაუდებელი ავტორიზაციის საფუძველზე გამოიყენება, 16+ პირებში გამოყენებისთვის კი მას სრული ლიცენზია აქვს მოპოვებული.
ამ დროისთვის საქართველოში ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაშვებული არ არის. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებადართულია 16+ ადამიანებისთვის. 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრის რეკომენდაცია გაიცემა მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია