LIVE

Pfizer-მა 5-11 წლის ბავშვების ასაცრელად ვაქცინის ავტორიზაციისთვის FDA-ს მიმართა

07 ოქტ 202119:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 974
Pfizer-მა 5-11 წლის ბავშვების ასაცრელად ვაქცინის ავტორიზაციისთვის FDA-ს მიმართა

Pfizer-მა და მისმა პარტნიორმა კომპანიამ BioNTech-მა აშშ-ის მარეგულირებელ ორგანოებს 5-11 წლის ბავშვების ასაცრელად Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ავტორიზაციისთვის მიმართეს.  

"საკვებისა და წამლის ადმინისტრაცია" (FDA) პედიატრიული ვაქცინის კლინიკურ-კვლევითი მონაცემების განსახილველად  მრჩეველთა კომიტეტის სხდომას, სავარაუდოდ, 26 ოქტომბერს გამართავს.  

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარი მრჩეველი-ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი ვარაუდობს, რომ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ვაქცინებს შესაძლოა, 31 ოქტომბრისთვის მიენიჭოს. თეთრი სახლის პანდემიაზე რეაგირების კოორდინატორმა, ჯეფ ზიენტმა დღეს თქვა, რომ ბავშვებისთვის აცრა შეიძლება მადლიერების დღემდე (25 ნოემბრამდე) დაიწყოს.

გასულ თვეში Pfizer-მა და BioNTech-მა 2 268 ცდისპირზე ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ მათი ვაქცინა 5 -დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენებისთვის უსაფრთხო და ეფექტური იყო. 

აშშ-ში Pfizer-ის ვაქცინა 12-დან 15 წლამდე გადაუდებელი ავტორიზაციის საფუძველზე გამოიყენება, 16+ პირებში გამოყენებისთვის კი მას სრული ლიცენზია აქვს მოპოვებული. 

Pfizer–ის აქციები დღეს ნიუ-იორკში ბაზარზე ვაჭრობისას 0,9%-ით, ხოლო BioNTech–ის მიერ აშშ-ში გაყიდული აქციები 3,2%–ით გაიზარდა.

ამ დროისთვის საქართველოში ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაშვებული არ არის. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებადართულია 16+ ადამიანებისთვის. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ დღეს განაცხადა, რომ 12-დან 15 წლამდე ბავშვებში აცრის რეკომენდაცია გაიცემა მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე  ბავშვებისთვის.