LIVE

რუსეთი კლიმატის სამიტზე Gazprom-ისთვის სანქციების შემსუბუქებას შეეცდება

22 ოქტ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 734
რუსეთი კლიმატის სამიტზე Gazprom-ისთვის სანქციების შემსუბუქებას შეეცდება

მომავალი თვის COP26 კლიმატის სამიტზე რუსეთი შეეცდება სანქციების შემსუბუქებას სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტებისათვის, როგორიცაა Gazprom, რადგან ქვეყანა განიცდის მზარდ ზეწოლას, შეუერთდეს მეთანის ემისიის შემცირების ვალდებულებას.

“მოგვიწოდებენ, შევამციროთ მეთანის ემისია, მაგრამ Gazprom-ი სანქციების ქვეშ არის. ამოვიღოთ კლიმატის პროექტები სანქციებიდან, რათა Gapzrom-ს ჰქონდეს დაფინანსებასა და მწვანე ტექნოლოგიებზე წვდომა. თუ გვინდა შევამციროთ ემისიები, კლიმატის პროექტები არ უნდა იყოს სანქცირებული, სადაც არ უნდა იყოს ის - რუსეთში, ირანში, თურქეთში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში”,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის კლიმატის წარმომადგენელმა რუსლან ედელგერიევმა სოჭში “ვალდაის კლუბის” ყოველწლიურ შეხვედრაზე.

ედელგერიევმა არ დააკონკრეტა, თუ რომელ კონკრეტულ სანქციებს გულისხმობდა. Gazprom-ი არ ექვემდებარება ისეთ ყოვლისმომცველ ფინანსურ შეზღუდვებს, როგორც ზოგიერთი სხვა რუსული ენერგეტიკული გიგანტი, თუმცა მას ემუქრება შეზღუდვები ნავთობის წარმოებასთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე, საქონელსა და მომსახურებაზე წვდომაზე გარკვეულ სფეროებში.

ედელგერიევმა აღნიშნა, რომ რუსეთს შეუძლია მიიღოს უფრო ამბიციური კლიმატის მიზნები, თუ სამიტზე მიიღებს იმას, რაც სურს. მისი პოზიცია ხაზს უსვამს კლიმატის ცვლილების შესახებ მოლაპარაკებების იზოლირების სირთულეს ფართო გეოპოლიტიკური დავებისაგან, რისი გაკეთებაც შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ სცადა.

Gazprom-ი ერთ-ერთი იყო იმ კომპანიებს შორის, რომლებსაც აშშ-მა და ევროკავშირმა სანქციები 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტებისთვის მხარდაჭერის შემდეგ დაუწესეს.

თუმცა, კლიმატის ცვლილების გაძლიერებული ეფექტი ახლა “იმდენად აშკარაა, რომ ყველაზე უყურადღებო ადამიანებსაც კი აღარ შეუძლიათ მათი უარყოფა”,- განაცხადა პუტინმა ვალდაის კლუბის შეხვედრაზე. გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური მეტოქეობა “ამ კონტექსტში უაზრო ხდება, თუ გამარჯვებულებს არ ექნებათ სასუნთქი ჰაერი ან რაიმე წყურვილის მოსაკლავად”.

ედელგერიევმა თქვა, რომ არ ითხოვს სანქციების სრულად გაუქმებას და სპეციალური სამუშაო ჯგუფი გადაწყვეტს, რომელი პროექტები იქნება შესაფერისი, მაგრამ თუ კლიმატის ინიციატივები გამოირიცხება, მისი თქმით, ქვეყნებს, რომლებსაც უჭირთ და ძვირი უჯდებათ კლიმატის ვალდებულებების შესრულება, შეუძლიათ ამის გაკეთება რუსეთში ემისიების შემცირების პროექტებში ინვესტიციების ჩადებით.

“ჩვენ გვქონდა, გვაქვს და გვექნება კონფლიქტები, მაგრამ კლიმატს ეს არ აინტერესებს”,- თქვა ედელგერიევმა და დასავლური სახელმწიფოები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა, მათ შორის Nord Stream 2-თან მიმართებაში, რომელიც, მისი თქმით, დაეხმარება გერმანიას ნაკლები ნახშირის მოხმარებასა და მეთანის ემისიების შემცირებაში ახალი მილსადენით, რომელიც ნაკლებად გაჟონავს, ვიდრე არსებული სატრანზიტო მარშრუტები. 

“სანამ არ იქნება თანაბარი პარტნიორობა, რუსეთი არ გადადგამს ნაბიჯებს, რადგან ჩვენ ბევრჯერ მოგვატყუეს და ეს ძვირი დაგვიჯდა”,- განაცხადა ედელგერიევმა. 

აშშ და ევროკავშირი უბიძგებენ ქვეყნებს, შეუერთდნენ მეთანის გლობალურ დაპირებას COP26-ზე, რათა შემცირდეს ბუნებრივი აირის კომპონენტის ემისიები, რომელსაც აქვს ნახშირორჟანგის გლობალური დათბობის 80-ჯერ მეტი ძალა. უცნობია, შეუერთდება თუ არა რუსეთი ამ მიზნებს.

ედელგერიევმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ყოფილმა პრემიერმა, განაცხადა, რომ პუტინის წინადადება, შექმნილიყო საერთაშორისო სისტემა, რათა შეგროვდეს თანმიმდევრული მონაცემები მეთანის ემისიების შესახებ, უპასუხოდ დარჩა. გამჭვირვალე აღრიცხვის მეთოდების გარეშე მოსკოვს არ სურს შეუერთდეს 2030 წლისთვის მეთანის გლობალური ემისიების 30%-ით შემცირების ინიციატივას.

ედელგერიევის შეფასებით, ის, რასაც დასავლეთი ხედავს სათბურის გაზების ემისიების შემცირების იაფ და მარტივ გზად, ძალიან რთული იქნება რუსეთისთვის. ეს მოითხოვს ენერგეტიკული სტრატეგიის გაუქმებას წარმოების გასაზრდელად, რაც ნიშნავს მეთანის ემისიის უფრო მაღალ და არა დაბალ მაჩვენებელს.

ეროვნული ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდის ხელმძღვანელის, კონსტანტინე სიმონოვის შეფასებით, გასულ წელს რუსეთმა გლობალურ კლიმატთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პოზიცია ღრმა სკეპტიციზმიდან ინტერესისკენ შეცვალა. ეს დიდწილად განპირობებულია იმით, რომ ევროკავშირის გეგმა ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადის დაწესების შესახებ, საფრთხეს უქმნის რუსული ექსპორტის კონკურენტუნარიანობას.

სიმონოვის თქმით, რუსეთს ასევე ეჭვი ეპარება მწვანე ენერგიაზე გადასვლის დაჩქარების მცდელობებში, რაც, მისი აზრით, სხვების სასარგებლოდ არის მიმართული. “ჩვენ ძალიან გულწრფელად მოგვიწევს დასავლეთთან კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პირობების განხილვა”,- თქვა მან.

ეს მოიცავს რუსული კომპანიების მიერ ნახშირბადის კრედიტების პოტენციურ გამოყენებას ქვეყნის უზარმაზარი ტყეებიდან ნახშირბადის სასაზღვრო გადასახადების გადასახდელად, რასაც ევროკავშირის ამჟამინდელი გეგმები გამორიცხავს. ანალოგიურად, ატომური ენერგიის, ჰიდროელექტროენერგიისა და ეგრეთ წოდებული ლურჯი წყალბადის ჩართვა - ბუნებრივი აირის გამოყენებით - ენერგიის მწვანე წყაროდ, ეს საკითხი ფართო გავლენას ახდენს რუსულ კომპანიებსა და საექსპორტო შემოსავლებზე.

პუტინმა რუსეთის მიზნად დაისახა ნახშირბადის ნეიტრალიტეტის მიღწევა 2060 წლისთვის და შემდგომი ვალდებულებები COP26-ზე “დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ვითარებაზე. ორი რამ შეუთავსებელია: სანქციები და კლიმატი”,- თქვა ედელგერიევმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მარკ ჩემპიონი