LIVE

თურქეთი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ე.წ. ნაცრისფერ სიას დაემატა

22 ოქტ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1172
თურქეთი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის ე.წ. ნაცრისფერ სიას დაემატა
Adem Altan/AFP via Getty Images

ფულის გათეთრების გლობალურმა ორგანომ (FATF) თურქეთი ე.წ. “ნაცრისფერ სიაში" დაამატა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანას არ შეუძლია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, რამაც შეიძლება ინვესტორების თავშეკავება გამოიწვიოს.

“სამი ქვეყანა შედის სიაში. ესენია იორდანია, მალი და თურქეთი. მათ შეათანხმეს სამოქმედო გეგმები FATF-თან და აქტიურად მუშაობენ სისტემაში გამოვლენილი სტრატეგიული ხარვეზების აღმოსაფხვრელად",- განაცხადა მარკუს პლეიერმა, ფინანსური სამოქმედო სამუშაო ჯგუფის პრეზიდენტმა. 

სამივე ქვეყანა გაძლიერებული მონიტორინგის ქვეშ მოექცევა და მათ მოუწევთ დარწმუნება, რომ მუშაობენ FATF-თან ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ. FATF-ის ნაცრისფერი სია არის “კიდევ ერთი დაბრკოლება თურქეთში ინვესტიციებისთვის”,- თქვა ტიმ ეშმა, BlueBay Asset Management-ის სტრატეგმა.

თურქეთის მთავრობამ გააპროტესტა ჯგუფის გადაწყვეტილება და მას “დაუმსახურებელი შედეგი” უწოდა. 

მთავრობა “გაგრძელებს საჭირო ნაბიჯების გადადგმას FATF-თან და ყველა შესაბამის ინსტიტუტთან თანამშრომლობით და შეეცდება, რაც შეიძლება მალე გამოვიდეს ამ სიიდან”,- ნათქვამია თურქეთის ფინანსთა და ხაზინის სამინისტროს განცხადებაში.

FATF-მა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ დაფინანსებულმა გლობალური სტანდარტების დამდგენმა ორგანომ, რომელიც ფულის გათეთრებას, ტერორიზმის დაფინანსებასა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებას ებრძვის, გადაწყვეტილება გლობალური შესაბამისობის განხილვის შემდეგ მიიღო. 

პლეიერის თქმით, თურქეთთან დაკავშირებით სერიოზული საკითხებია დღის წესრიგში, როგორიცაა “განსაკუთრებით მაღალი რისკის სექტორების ზედამხედველობა, ბანკები, ოქრო და ძვირფასი ლითონების დილერები და უძრავი ქონების აგენტები”. მან ასევე თქვა, რომ FATF-სთვის ცნობილია უფლებადამცველი ჯგუფების შეშფოთება თურქეთის მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ მოპყრობის შესახებ.

თურქეთმა უნდა აჩვენოს, რომ “ეფექტურად ებრძვის ფულის გათეთრების რთულ საქმეებს, ახორციელებს ტერორისტული დაფინანსების დევნას რისკების შესაბამისად და პრიორიტეტს ანიჭებს გაეროს მიერ აღიარებული ტერორისტული ორგანიზაციების საქმეებს, როგორიცაა ISIL და ალ-ქაიდა”,- განაცხადა პლეიერმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: აბუ ომარი და სელქან ჰაკაოღლუ