LIVE

საგარეო ვალით დაფინანსებული 6 პროექტი 0%-ით შესრულდა - აუდიტი

21 ოქტ 202121:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1174
საგარეო ვალით დაფინანსებული 6 პროექტი 0%-ით შესრულდა - აუდიტი

საქართველოს მთავრობა საინვესტიციო პროექტებისთვის აღებულ კრედიტებს ვერ ითვისებს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, 16 პროექტის შემთხვევაში, კრედიტის ათვისება გეგმის 40%-ზე ნაკლებია, მათ შორის 6 პროექტზე გამოყოფილი თანხა საერთოდ არ დახარჯულა.

"8 თვის მდგომარეობით, საგარეო წყაროებიდან მოზიდული რესურსით დაფინანსებული ზოგიერთი საინვესტიციო პროექტი ათვისების დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება. კერძოდ, 16 პროექტის შემთხვევაში, საკრედიტო რესურსის ათვისების მაჩვენებელი 9 თვის გეგმის 40%-ზე ნაკლებია, მათ შორის 6 პროექტის შემთხვევაში ადგილი აქვს ნულოვან ათვისებას. აღნიშნულ პროექტებზე 9 თვის გეგმით ჯამურად გათვალისწინებულია 209.7 მლნ ლარის მიმართვა, საიდანაც 8 თვის მდგომარეობით ათვისებულია მხოლოდ 10% (20.9 მლნ ლარი)",- აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ კრედიტების დროული ათვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის სესხებისათვის, რომლებიც ითვალისწინებს ვალდებულების გადასახადის (Commitment Fee) გადახდას კრედიტის აუთვისებელ ნაწილზე, რადგან პროექტის დაგვიანებით განხორციელება კრედიტს კიდევ უფრო აძვირებს.