LIVE

NATO რუსეთის მზარდი საფრთხის შესაჩერებლად გენერალურ გეგმას მიიღებს

21 ოქტ 202115:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 837
NATO რუსეთის მზარდი საფრთხის შესაჩერებლად გენერალურ გეგმას მიიღებს
REUTERS/Ints Kalnins/File Photo

NATO-ს თავდაცვის მინისტრები ხუთშაბათს ახალ გენერალურ გეგმაზე შეთანხმდებიან, რომელიც რამდენიმე ფრონტზე რუსეთის პოტენციური თავდასხმისგან დაცვას უზრუნველყოფს. 

სტრატეგია, რომელიც ამ ეტაპზე კონფიდენციალურია, სცილდება არსებული რეგიონული თავდაცვის გეგმებს და მიზნად ისახავს ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონებში ნებისმიერი ერთდროული თავდასხმისთვის მომზადებას - ბირთვული იარაღის, კიბერ თავდასხმებისა და კოსმოსური თავდასხმების ჩათვლითაც კი. 

რუსეთი უარყოფს სამხედრო თავდასხმის განზრახვას და აცხადებს, რომ ევროპოს დესტაბილიზაციის საფრთხეს თავად NATO ქმნის მსგავსი გადაწყვეტილებებით. 

ამერიკელი ოფიციალური პირები, NATO-ს დიპლომატები და ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ ევროატლანტიკური შეკავებისა და თავდაცვის კონცეფცია და მისი განხორციელების სტრატეგიული გეგმა აუცილებელია, რადგან რუსეთი მუშაობს მოწინავე შეიარაღების სისტემებზე, აგზავნის ჯარებსა და აღჭურვილობას მოკავშირეების საზღვრებთან.

რუსეთმა მაისში დაახლოებით 100,000 სამხედრო მოაბილიზა უკრაინის საზღვარზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ. სექტემბერში რუსეთმა ბელარუსთან ერთად ჩატარებულ სამხედრო წვრთნაზე ახალი საბრძოლო რობოტები გამოიყენა, რამაც ბალტიისპირეთის მოკავშირეების შეშფოთება გამოიწვია.

რუსეთმა გააძლიერა და შეცვალა ორბიტაზე საბჭოთა სამხედრო კოსმოსური სისტემები თანამგზავრებზე პოტენციურად შეტევის მიზნით, შეიმუშავა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიები მოკავშირე სარდლობის სისტემებთან გამკლავების მიზნით, მოსკოვი ასევე ავითარებს “სუპერ იარაღს”. მათ შორისაა ჰიპერსონიული საკრუიზო რაკეტები, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული იარაღის გადატანა და ადრეული გაფრთხილების სისტემების თავიდან არიდება.

გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც 2014 წლიდან 2017 წლამდე მეთაურობდა შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს ევროპაში, Reuters-სთან საუბარში იმედოვნებს, რომ სტრატეგიული გეგმა NATO-ს კოლექტიურ თავდაცვაში მეტ თანმიმდევრულობას გამოიწვევს, რაც ნიშნავს შავი ზღვის რეგიონისთვის მეტ რესურსს.

“შავი ზღვა უფრო ცხელი ადგილია, ვიდრე ბალტიისპირეთი”,- თქვა ჰოჯესმა და აღნიშნა, რომ რეგიონში ნაკლებია დიდი მოკავშირეების რაოდენობა, როგორიცაა ბრიტანეთი და საფრანგეთი, ხოლო თურქეთი უფრო მეტად სირიის კონფლიქტზეა კონცენტრირებული.

NATO-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, ჯეიმი შემმა განაცხადა, რომ გეგმა ასევე ხელს შეუწყობს რუსეთზე ფოკუსირებას იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და საფრანგეთი ჩინეთის წინააღმდეგ ინდო-წყნარი ოკეანის სტრატეგიებს ავითარებენ.

“აქამდე რუსეთი მიიჩნეოდა დაბრკოლებად, თუმცა არა უშუალო საფრთხედ, მაგრამ რუსები შემაშფოთებლად იქცევიან - ისინი ვარჯიშობენ რობოტექნიკით, ჰიპერსონიული საკრუიზო რაკეტებით, რაც შეიძლება მართლაც დამანგრეველი იყოს”,- ამბობს შემი.