LIVE

ნიუ-იორკში საჯარო სექტორში დასაქმებულების ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

20 ოქტ 202122:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 977
ნიუ-იორკში საჯარო სექტორში დასაქმებულების ვაქცინაცია სავალდებულო ხდება

ნიუ-იორკში ქალაქის მუნიციპალიტეტში დასაქმებული თანამშრომლებისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო ხდება. ვაქცინაციის ალტერნატივად კოვიდტესტების ჩატარება აღარ განიხილება. 

ვაქცინაციის წახალისების მიზნით, ისინი ბონუსსაც მიიღებენ. დღეიდან ყველა თანამშრომელი, ვინც პირველ დოზას მერიის მიერ მოწყობილ ადგილას გაიკეთებს, ხელფასზე დამატებით, $500-ს მიიღებს. 

წახალისება 29 ოქტომბერს დასრულდება. ეს არის ვადა, როდესაც თანამშრომლებმა მინიმუმ ერთი დოზის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება უნდა წარმოადგინონ. მერის განმარტებით, დათქმული რიცხვისთვის აუცრელი თანამშრომლები არაანაზღაურებად შვებულებაში გავლენ. 

"ნებაყოფლობითი ეტაპი ძალიან გაიწელა. ახლა პირდაპირ ვამბობთ, რომ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. არ არსებობს უფრო დიდი პრივილეგია, ვიდრე ნიუ-იორკის მოსახლეობის მსახურება და ამ პრივილეგიას ახლავს პასუხისმგებლობა, რომ დაიცვათ საკუთარი თავი და თქვენი საზოგადოება”,- ამბობს ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო.

სავალდებულო ვაქცინაცია 160 500 თანამშრომელს შეეხება. მათგან 71% მინიმუმ ერთი დოზით უკვე ვაქცინირებულია. 

რეგულაცია ნიუ-იორკის პოლიციასა და მეხანძრე-მაშველებზეც ვრცელდება. გამონაკლისია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზოგიერთი თანამშრომელი, რომელთაც აცრისთვის დრო 1 დეკემბრამდე ექნება. 

ნიუ-იორკის  მოსახლეობის 65% სრულად არის აცრილი, რაც ქვეყნის 57%-იან მაჩვენებელზე მაღალია. ადგილობრივი მმართველობის თანამშრომლების ნაწილი, მათ შორის პოლიციელები და მეხანძრეები, სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგია. 

ქალაქს ვაქცინაციის უფრო მკაცრი პოლიტიკა აქვს. ის ჯანდაცვის მუშაკების, მასწავლებლების ვაქცინაციას მოითხოვს. ამასთან აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი საჭიროა რესტორნებში, სტადიონებსა და მუზეუმებში შესასვლელად.

ბოლო კვირების განმავლობაში ათასობით პედაგოგი და განათლების მუშაკი, რომლებმაც ვაქცინაციაზე უარი განაცხადეს გადაიყვანეს არაანაზღაურებად შვებულებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: სტეისი შერმანი