LIVE

გეიტსების ფონდი Merck-ის Covid-19-ის პრეპარატზე გლობალურ წვდომას დააჩქარებს

24 ოქტ 202114:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 1401
გეიტსების ფონდი Merck-ის Covid-19-ის პრეპარატზე გლობალურ წვდომას დააჩქარებს
Bloomberg

"ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის" განცხადებით, Merck-ის Covid-19-ის  სამკურნალო ანტივირუსული პრეპარატი დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის შესაძლოა, ხელმისაწვდომი მომავალი წლის დასაწყისში გახდეს. საქველმოქმედო ორგანიზაცია თერაპიაზე გლობალური წვდომის გასაფართოებლად $120 მილიონს გამოყოფს.

სახსრები ხელს შეუწყობს გენერიკული წამლების მწარმოებლებს, რომელთაგან ზოგიერთმა აღნიშნა, რომ თვეში 10 მილიონი სამკურნალო საშუალების წარმოება შეუძლიათ. ტრევორ მანდელის განცხადებით, რომელიც გეიტსების საქველმოქმედო ორგანიზაციის გლობალური ჯანდაცვის დანაყოფის პრეზიდენტია, მარეგულირებელი დაბრკოლებებისა და სხვა გამოწვევების მიუხედავად, მწარმოებლებს გადაზიდვების დაწყება პირველ კვარტალში შეეძლებათ.

Merck-ის Covid-19-ის მედიკამენტის პროგრესს თან ახლდა შეშფოთება იმის შესახებ, რომ დაბალშემოსავლიანი ქვეყნები, რომლებიც ვაქცინების მისაღებად იბრძვიან, შეიძლება Covid თერაპიის მიმართულებითაც უკან ჩამორჩნენ.

ფონდი სხვა დონორებს ღარიბი ქვეყნებისთვის ექსპერიმენტული "მოლნუპირავირის" გავრცელების დასაჩქარებლად რესურსის დახარჯვისკენ მოუწოდებს.

კლინიკური კვლევის ბოლო ეტაპის შუალედურ მონაცემების მიხედვით, ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck & Co-ის Covid-19 სამკურნალო მედიკამენტმა "მოლნუპირავირმა" ჰოსპიტალიზაციის ან გარდაცვალების რისკი 50%-ით შეამცირა 

Merck-მა საგანგებო გამოყენების ავტორიზაციისთვის აშშ-ის "საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას" გასულ კვირას მიმართა. კომპანია განაცხადის შეტანას სხვა ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოებშიც გეგმავს. 

ავტორიზაციის შემთხვევაში, "მოლნუპირავირი" იქნება პირველი აბი, რომლითაც COVID-19-ის მკურნალობა იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის პანდემიასთან ბრძოლაში ახალი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდება. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეიმს პატონი