
Pfizer-ი და მისი პარტნიორი კომპანია BioNTech-ი აცხადებენ, რომ მათი Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 5-დან 11 წლამდე ბავშვებისთვის უსაფრთხო და ეფექტურია. კომპანიები ამ დასკვნამდე ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად მივიდნენ.
კვლევაში 2 268 ბავშვი მონაწილეობდა. მათ 10 მიკროგრამის ოდენობით Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზა გაუკეთდათ, რაც უფროსი ადამიანისთვის განკუთვნილ მოცულობაზე სამჯერ ნაკლებია. პრეპარატის მიერ ბავშვებში წარმოქმნილი ანტისხეულების დონე 16-25 წლის ახალგაზრდებში გამომუშავებულის მსგავსი აღმოჩნდა.
ფარმაცევტული კომპანიები გეგმავენ, რომ კვლევის შედეგები ჯერ აშშ-ის, შემდეგ კი ევროპის მარეგულირებელს წარუდგინონ და საგანგებო ავტორიზაციის მინიჭება მოითხოვონ.
12 წლამდე ბავშვებისთვის ვაქცინის ავტორიზაცია აშშ-ის იმუნიზაციის კამპანიაში ახალ ეტაპზე გადასვლად განიხილება. ამ დროისთვის ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინას სრული ავტორიზაცია მინიჭებული აქვს 16+ პირებში გამოყენებისთვის, ხოლო 12-15 წლის ასაკის ბავშვებში ის საგანგებო ავტორიზაციის საფუძველზე გამოიყენება.
კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისი დასრულების შემდეგ მონაცემები სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნდება. პარალელურად კომპანია 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინის უსაფრთხოებას და ეფექტიანობას სწავლობს. კვლევის შედეგები ცნობილი, სავარაუდოდ, მე-4 კვარტალში გახდება.
ამ დროისთვის საქართველოში ბავშვების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დაშვებული არ არის. ქვეყანაში ვაქცინაცია ნებადართულია 16+ ადამიანებისთვის.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რობერტ ლენგრეტი