LIVE

მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინამ WHO-ს ნებართვა მიიღო

07 ოქტ 202111:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 986
მალარიის საწინააღმდეგო ვაქცინამ WHO-ს ნებართვა მიიღო
AFP via Getty Images

კოღოებით გამოწვეული მალარიის პირველი ვაქცინა, 30 წელზე მეტი ხნის მუშაობისა და დაახლოებით $1 მილიარდის ინვესტიციის შემდეგ, უფრო ფართოდ იქნება გამოყენებული. დაავადება ყოველწლიურად 400,000 ადამიანს კლავს.

GlaxoSmithKline-ისა და მისი პარტნიორების მიერ შემუშავებულმა ვაქცინამ ოთხშაბათს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია აფრიკის კონტინენტზე მცხოვრებ ბავშვებში გამოსაყენებლად მიიღო. ეს გარდამტეხი მომენტია პარაზიტთან ბრძოლაში, რომელიც იწვევს მალარიას.

ახლა ყურადღება გამახვილდება იმაზე, რომ ვაქცინამ მიაღწიოს მეტ ადამიანამდე აფრიკაში საპილოტე პროგრამის შემდეგ, რომელიც 2019 წელს დაიწყო.

“რეკომენდაცია იმედის ნაპერწკალს გვთავაზობს კონტინენტზე, რომელიც დაავადების უმძიმეს ტვირთს იტანს და ველით, რომ კიდევ ბევრი აფრიკელი ბავშვი იქნება დაცული მალარიისგან”,- ამბობს WHO-ს აფრიკის რეგიონული დირექტორი, მატშიდისო მოეტი.

Gavi-მ, Vaccine Alliance-მა, GSK-მა და MedAccess-მა აგვისტოში გააფორმეს დაფინანსების ხელშეკრულება, რათა უზრუნველყონ ვაქცინის წარმოების გაგრძელება.

GSK, რომელმაც შეიმუშავა ინექცია არაკომერციულ PATH-თან პარტნიორობით, გასცა მიმდინარე საპილოტე პროექტში 10 მილიონამდე დოზის დონაციის, ხოლო ყოველწლიურად - 15 მილიონამდე დოზის მიწოდების დაპირება.

აგვისტოში გამოქვეყნებულმა 6000 ბავშვის კვლევამ აჩვენა, რომ მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატებისა და ვაქცინაციების ერთობლიობამ 70%-ით შეამცირა ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი. 

მალარია ვაქცინების მწარმოებლებისთვის რთული სამიზნე იყო, მაგრამ მკვლევარები წინ მიიწევენ. ინექცია, რომელიც შეიქმნა ოქსფორდის უნივერსიტეტში მიმდინარე წლის დასაწყისში, იყო პირველი, რომელმაც მიაღწია ჯანმო-ს მიზანს 75%-ზე მეტი ეფექტურობით შუალედურ კვლევაში. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯეიმს პატონი და ჯოელ ლეონი