LIVE

ვინ მიაწვდის ელექტროენერგიას რეგიონებს?

11 იან 202120:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 421

„ენერგო-პრო ჯორჯია“ რეგიონების ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე უარის თქმას გეგმავს. როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, კომპანია ამ მიმართულებას მომგებიან საქმიანობად აღარ განიხილავს.

სემეკში აცხადებენ, რომ კომპანიას ამ დრომდე არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, გააგრძელებს თუ არა 1 ივლისის შემდეგ რეგიონების ელექტრომომარაგებას, შესაბამისად, მასთან კონსულტაციები კვლავ გრძელდება. პარალელურად კი, მთავრობა ალტერნატივის ძიებაშია და არ არის გამორიცხული, რეგიონების ელექტრომამარაგებისთვის სხვა კომპანია შეირჩეს.  

„კვლავ მიმდინარეობს კონსულტაციები „ენერგო-პროსთან“, პროცესში ჩართულია ევროპის ენერგეტიკული გაერთიანებაც. კომპანიამ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ დააფუძნოს შვილობილი კომპანია, რომელიც  ელექტროენერგიის მიმწოდებელი იქნება. თუმცა თუკი ის აღნიშნულზე უარს იტყვის, მაშინ მთავრობამ შესაძლოა ეს ვალდებულება სხვა კომპანიას დააკისროს, ან რომელიმე სახელმწიფო კომპანიამ შეასრულოს ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობა. მოსახლეობა ყველა შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი ელექტროენერგიით“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება თბილისის ენერგომომარაგებას, სემეკში განმარტავენ, რომ „თელასი“ თანახმაა კომპანიის გაყოფის შემდეგ კვლავ გააგრძელოს მიწოდების საქმიანობა და ამ მიზნით უკვე დააფუძნა შვილობილი კომპანია.

ენერგეტიკის ბაზარზე დაგეგმილი  რეფორმის თანახმად, მიმდინარე წლიდან ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს გამანაწილებელი ქსელის ფლობის და ელექტროენერგიის მიწოდების ბიზნესი. კანონმდებლობის თანახმად კი, დარგში მომუშავე კომპანიებს უფლება აქვთ, უარი თქვან მიწოდების საქმიანობის შესრულებაზე.