LIVE

კოვიდგადატანილი დედებისგან ჩვილები ანტისხეულებს 10 თვე იღებენ

28 სექ 202115:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 736
კოვიდგადატანილი დედებისგან ჩვილები ანტისხეულებს 10 თვე იღებენ
Anthony Devlin/PA

მეძუძური ქალები, რომლებიც Covid-19-ით იყვნენ დაინფიცირებული, ვირუსების გამანეიტრალებელი ანტისხეულების გამოყოფას 10 თვემდე აგრძელებენ. ამ დასკვნამდე ნიუ-იორკის Mount Sinai hospital-ის მკვლევრები მივიდნენ. 

გარდა იმისა, რომ ძუძუთი კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვილების დაავადებისგან დასაცავად, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ანტისხეულები შეიძლება გამოყენებულ იქნას გართულებული Covid-19-ით დაავადებული ადამიანების სამკურნალოდ, მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად. 

მიუხედავად იმისა, ხანდაზმულებთან და ქრონიკული დაავადების მქონე პირებთან შედარებით, მცირეწლოვან ბავშვებს Covid-19-ის გართულების ნაკლები რისკი აქვთ, ინფიცირების შემთხვევაში, ერთ წლამდე ბავშვებში 10-დან ერთს მნიშვნელოვანი ჰოსპიტალური მომსახურება სჭირდება.

დედის რძეში არსებული ანტისხეულები გარკვეულწილად განსხვავდება ვაქცინაციის შედეგად უმეტესად სისხლში გამომუშავებული იმუნოგლობულინის ანტისხეულებისგან, თუმცა ზოგიერთი მათგანი, ასევე, გამოიყოფა დედის რძეში. 

მთავარი ანტისხეული, სეკრეტორული იმუნოგლობულინი A (IgA), ეკვრის ჩვილი ბავშვების სასუნთქ და ნაწლავის ტრაქტის გარსს და ხელს უშლის ვირუსებისა და ბაქტერიების ორგანიზმში შეღწევას.

გასულ კვირას გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ორსული ქალები, რომლებიც იღებენ mRNA ვაქცინებს, ჩვილებს ანტისხეულების მაღალ დონეს გადასცემენ. შესაბამისი კვლევის შედეგები ამერიკულ სამეცნიერო ჟურნალში, Obstetrics & Gynecology - Maternal Fetal Medicine-ში გამოქვეყნდა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 36 ახალშობილს ჰქონდა ანტისხეულები დედების ვაქცინაციის შემდეგ.