LIVE

IMF საქართველოს მთავრობას სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებისკენ მოუწოდებს

21 სექ 202118:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 774
IMF საქართველოს მთავრობას სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებისკენ მოუწოდებს

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი" (IMF) მაღალი უმუშევრობისა და უთანასწორობის დასაძლევად საქართველოს მთავრობას რეფორმების გაძლიერებისკენ მოუწოდებს. სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის მდგრადი და ინკლუზიური ზრდისთვის სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებაა საჭირო.

რეფორმებს შორის, რომელთა გაძლიერების საჭიროებაზეც IMF მიუთითებს აღსანიშნავია, განათლების რეფორმა, სოციალური დაცვის მიმოხილვა და აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის გააქტიურება. IMF-ის გუნდი ხაზს უსვამს სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობას, მათ შორის ჯანსაღი ბიზნეს გარემოს უზრუნველყოფის კონტექსტში. ამასთან, სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას მსგავსი რეკომენდაციებით მიმართა 2018 წელსაც, თუმცა პროგრესი სტრუქტურული რეკომენდაციების იმპლემენტაციის მიმართულებით ნელია.

IMF-ის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის ბოლოდროინდელი გამკაცრება და მაღალი ინფლაციის ფონზე, მხარდაჭერაა გამოთქმული პოლიტიკის განაკვეთის კიდევ უფრო გაზრდასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ძირითადი ეკონომიკური პარამეტრების პროგნოზებს, IMF წელს საქართველოს ეკონომიკის 7.7%-იან, ხოლო მომდევნო წელს 5.8%-იან ზრდას ელის. IMF-ის პროგნოზითვე, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელი 57.5 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს 9.3%-იან წლიურ საშუალო ინფლაციას პროგნოზირებს და ელის, რომ წლის ბოლოს ქვეყანაში ფასების საერთო დონის ზრდა 13.1% იქნება.