LIVE

აზერბაიჯანიდან კონტრაბანდული დიზელი შემოდის - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

20 სექ 202112:34
3 წუთის საკითხავი
clock clock 1150
აზერბაიჯანიდან კონტრაბანდული დიზელი შემოდის - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, იანვარ-აგვისტოში დიზელის საწვავის იმპორტის შემცირება დაკავშირებულია ქვეყანაში აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოდინებასთან. კერძოდ, 8 თვეში დიზელის საწვავის იმპორტი გასულ წელთან შედარებით 4.2%-ით შემცირდა. 

მათივე ცნობით, დაბალი ფასის გამო, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებით დიზელის საწვავი ავზებით აზერბაიჯანიდან შემოაქვთ. 

"საწვავის იმპორტის ზრდა განპირობებულია ბენზინის იმპორტის მნიშვნელოვანი მატებით. რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტს, ის შემცირებულია იმ პირობებში, როდესაც ფიქსირდება გასულ წელთან შედარებით ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა და ყველა ის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს დიზელის საწვავის მოხმარებას, გაუმჯობესებულია. შესაბამისად, უნდა ხდებოდეს დიზელის საწვავის როგორც მოხმარების, ასევე იმპორტის ზრდა.

ჩვენი ინფორმაციით, დიზელის საწვავის იმპორტის შემცირება დაკავშირებულია ქვეყანაში აღურიცხავი დიზელის საწვავის შემოდინებასთან, რომელიც ხდება აზერბაიჯანიდან სხვადასხვა სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მიერ საწვავის ავზებით, რასაც განაპირობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დიზელის საწვავზე არსებული დაბალი ფასები (საშუალოდ 1,40 ლარი)",- წერია განცხადებაში.

რაც შეეხება სტატისტიკას, იანვარ-აგვისტოში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 743,7 ათასი ტონა შეადგინა, რაც (27,6 ათასი ტონით) 3.9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან. იმპორტი ასევე თითქმის 10%-ით გაზრდილია პანდემიამდელ, 2019 წელთან შედარებით.

2021 წლის პირველი 8 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 381,3 ათასი ტონა (მატება 12.9%), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 362,4 ათასი ტონა (კლება 4.2%).

იანვარ-ივლისში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 169,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 147,1 ათასი ტონა - 19,8%; აზერბაიჯანი - 138,2 ათასი ტონა - 18,6%; რუმინეთი - 131 ათასი ტონა - 17,6%; ბულგარეთი - 113,1 ათასი ტონა - 15,2%.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, პირველი შემთხვევაა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში თურქმენეთი გახდა საქართველოში საწვავის სტაბილურად ძირითადი მომწოდებელი.