LIVE

ინტერნეტით შინამეურნეობების 86%-ია უზრუნველყოფილი - საქსტატი

10 სექ 202111:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1378
ინტერნეტით შინამეურნეობების 86%-ია უზრუნველყოფილი - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის გამოკვლევების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია საქართველოს შინამეურნეობების 86.1%, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 2.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.

ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა საქალაქო, ხოლო 4.4 პროცენტული პუნქტით სასოფლო დასახლებებში და შესაბამისად, 91.4 და 78.9% შეადგინა.

"საქსტატის" თანახმად, 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 91.7% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე მოიხმარდა, 7.2% - კვირაში ერთხელ მაინც (თუმცა არა ყოველდღე), 1.1% კი - უფრო იშვიათად.

ამასთან, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ინტერნეტის გამოყენების ძირითად მიზნებს წარმოადგენს სოციალური ქსელების გამოყენება (95.3%), ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (94.7%), ონლაინ ახალი ამბების/გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (54.3%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (50.7%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (46.6%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (38.5%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (36.4%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის  ჩამოტვირთვა (17%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (12.3%).

კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 63.8%. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 74.1% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 49.7%. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აჭარისა და თბილისში დაფიქსირდა და შესაბამისად - 79.1 და 74.9% შეადგინა.