LIVE

„გალტ ენდ თაგარტი“ ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალს გამოიკვლევს

09 სექ 202116:27
3 წუთის საკითხავი
clock clock 1055
„გალტ ენდ თაგარტი“ ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალს გამოიკვლევს

„გალტ ენდ თაგარტი“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტ „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამაში“ ერთვება. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, DIGITAL RE4M პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და მას საქართველოში „გალტ ენდ თაგარტთან“ ერთად BDO ხელმძღვანელობს.

18 თვიანი პროექტის პირველი ეტაპი ქართული კაპიტალის ბაზრების პოტენციალის კვლევას და იმ არსებული ბარიერების დადგენას გულისხმობს, რომლებიც კომპანიებისთვის  კაპიტალის ბაზრებზე წვდომას აფერხებს.

პროექტის მეორე ეტაპი კი, პროგრამის ფარგლებში შერჩეულ კომპანიებს ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრების ათვისებაში, იქნება ეს  სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტი, მათ შორის სასესხო ვალდებულება, თუ კაპიტალი.

„გალტ ენდ თაგარტის“ ინფორმაციით, მონაწილე კომპანიები მიიღებენ პრაქტიკულ ინფორმაციას კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი ბიზნესი და საბოლოოდ, ეფექტურად გამოიყენონ ქართული კაპიტალის ბაზრები. ამასთან, ისინი მიიღებენ მხარდაჭერას კაპიტალის ბაზრებზე წვდომისათვის, მათ შორის დაფინანსებას ემისიასთან დაკავშირებული სხვადასხვა ხარჯების დასაფარად.