LIVE

ვიეტნამელ კაცს Covid-19-ის გავრცელების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

07 სექ 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 732
ვიეტნამელ კაცს Covid-19-ის გავრცელების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
THANH NIEN

ვიეტნამელ მამაკაცს კოვიდრეგულაციების დარღვევისა და ვირუსის გავრცელებისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. შემთხვევის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

სასამართლომ ლე ვან ტრი 8 ადამიანის "საშიში ინფექციური დაავადებით ინფიცირებაში" დამნაშავედ ცნო. მათგან ერთი გარდაიცვალა. 

პატიმრობასთან ერთად, ტრის ჯარიმის სახით 880 აშშ დოლარის გადახდაც მოუწევს. 

ვიეტნამი ბოლო დრომდე კოვიდის მართვას წარმატებით ახერხებდა, თუმცა ივნისის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების რიცხვი ისევ გაიზარდა, რაც დელტა ვარიანტის გავრცელებას უკავშირდება.

ვიეტნამში სულ აღრიცხულია Covid-19-ით ინფიცირების 530 000-ზე მეტი შემთხვევა. ქვეყანაში ვირუსს 13 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევების უდიდესი ნაწილი გასულ რამდენიმე თვეზე მოდის. ინფიცირების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია ქალაქ ხოშიმინში. 

ივლისის დასაწყისში 28 წლის ტრიმ კა-მაუს პროვინციაში ჯანმრთელობის ანკეტის შევსებისას ხოშიმინში უახლესი მგზავრობის ისტორია დამალა და არც სხვა პროვინციიდან ჩასულებისთვის არსებული 21-დღიანი იზოლაციის წესი დაიცვა.

ტრიმ, რომელიც მოგვიანებით კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა, ოჯახის წევრებთან ერთად, სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლები დააინფიცირა.