
კარდიფის უნივერსიტეტის დანაშაულისა და უსაფრთხოების კვლევის ინსტიტუტმა გამოავლინა, რომ ტროლების სამიზნე იყო 16 ქვეყნის 32 პოპულარული მედიასაშუალების ვებგვერდი, მათ შორის Mail Online, Express და Times. პრორუსული ტროლები ვებგვერდების კომენტარებს უტევენ და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ცდილობენ.
მკვლევრებმა განაცხადეს, რომ კომენტარებზე დაყრდნობით რუსულენოვანი მედია სტატიებს წერს.
ეს ტაქტიკა მხოლოდ წელს შეამჩნიეს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს მეთოდი სულ მცირე 2018 წლიდან გამოიყენება. ბოლო თემა, რომელსაც ტროლები აქტიურად ეხმაურებოდნენ, ავღანეთიდან დასავლური ჯარების გაყვანა იყო.
კვლევაში მოყვანილი ერთ-ერთ მაგალითის თანახმად, აგვისტოში Mail Online- ის მიერ გამოქვეყნებულ სიუჟეტს, რომელიც ავღანეთში თალიბანის გამარჯვებას ეხება, დაახლოებით 2500 კომენტარი აქვს. ზოგიერთი მათგანი, სავარაუდოდ, ორგანიზებული რუსული კამპანიის ნაწილი იყო.
რუსულმა მედიასაშუალებებმა მცირე რაოდენობის კომენტარები აარჩიეს და მათზე დაყრდნობით დაწერეს სტატია სათაურით: "ბრიტანელებმა თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლა დასავლური ცივილიზაციის დასასრულს შეადარეს".
კარდიფის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ეს მხოლოდ ერთია 18 ამბიდან, რომელიც ავღანეთში მიმდინარე ამბებს ეხება და რომელიც მკითხველთა კომენტარების გამოყენებით შეიქმნა. სტატიებში საუბარია ლიბერალური დემოკრატიის დასასრულსა NATO-ს წარუმატებლობის შესახებ. ზოგიერთი მათგანი კი ეხება უკრაინას. ეს ყველაფერი ქვეყნდება იმის დასამტკიცებლად, რომ დასავლეთის მოქალაქეები მხარს უჭერენ რუსეთის ან პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას.
კარდიფის გუნდი აცხადებს, რომ ეს გრძელვადიანი კამპანიის მხოლოდ უახლესი ნაწილია. მათ ამოიცნეს 242 სიუჟეტი, რომელშიც პროვოკაციული პრორუსული ან ანტიდასავლური განცხადებები ანტირუსული სტატიების საპასუხოდ გამოქვეყნდა.
მკითხველის კომენტარების გასაანალიზებლად მკვლევრებმა გამოიყენეს შაბლონის ამოცნობის ტექნიკა, რამაც გაამყარა ვარაუდი, რომ ზოგიერთი ანგარიში ორგანიზებულად აქვეყნებდა კრემლის მომხრე კომენტარებსა თუ სტატიებს.
კომენტარების ავტორებს ზოგი რუსულ ტროლად მოიხსენიებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მათ ამაზე რეაგირება არ ჰქონიათ.