LIVE

როგორ შეცვლის გეიმინგი ჩვენთვის ნაცნობ ადამიანურ სამყაროს

12 სექ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 945
როგორ შეცვლის გეიმინგი ჩვენთვის ნაცნობ ადამიანურ სამყაროს
Bloomberg

თამაშების, განსაკუთრებით კომპიუტერული თამაშების გამოჩენა, ფუნდამენტური ცვლილებაა ადამიანისთვის. თამაში ძირეულად გარდაქმნის თანამედროვე სამყაროს ორ ცენტრალურ ასპექტს: კულტურასა და რეგულაციას. აქედან კი, უკან დაბრუნება არ იქნება.

როგორც წესი, თამაში არის დახურული სისტემა, რომელიც მოითხოვს დიდ დროსა და ყურადღებას ოსტატობის მისაღწევად, რითაც ხელს უწყობს მის სპეციალიზებულ მოხმარებას. ადვილია, გახდე მსოფლიო დონის მოთამაშე, ფართო კულტურის შესახებ დიდი ცოდნის გარეშე. მიუხედავად ამისა, დღევანდელი კულტურის ექსპერტთა უმრავლესობამ ძალიან ცოტა რამ იცის თამაშების შესახებ. კულტურისა და თამაშების სამყარო მეტწილად განცალკევებულია.

თუმცა, ეს არ არის თამაშების კრიტიკა, რომელმაც მრავალი მილიონი სიცოცხლე გაამდიდრა. უბრალოდ უნდა აღინიშნოს, რომ გაციფრულებამ თამაშების დახურულ, სამყაროს მშენებლურ სტრუქტურასთან ერთად, შექმნა რაღაც ახალი. თამაშები ძალიან ხშირად იყენებენ მუსიკას და ვიზუალურ ეფექტებს და ამ თვალსაზრისით ისინი კულტურული ობიექტები ხდებიან. მაგრამ მათი ფუნდამენტური მიმზიდველობა უფრო მეტად დაკავშირებულია მიზნების შესრულებასთან, პერფორმანსთან და ფოკუსირების უნართან. კომპიუტერული თამაში უფრო ჰგავს ღონისძიებაში მონაწილეობას, ვიდრე ღონისძიების ყურებას.

როგორც თავისუფალ დროს საყვარელი საქმიანობა, თამაში იმარჯვებს. სათამაშო სექტორს $179 მილიარდიანი შემოსავალი აქვს, უფრო მეტი ვიდრე ფილმების გლობალურ და ჩრდილოეთ ამერიკის სპორტის ინდუსტრიებს. თამაშის კულტურა პანდემიის დროს კიდევ უფრო გაიზარდა და გაძლიერდა.

თამაშების თვითმყოფადი ბუნება ასევე ნიშნავს იმას, რომ ისინი სცდებიან მთავრობის რეგულაციებს. ბევრი ტიპის ვაჭრობა უკვე ხდება თამაშებში, რაც მოიცავს ვალუტას, ბაზრებს, ფასებს და კონტრაქტებს. მოთამაშეები ადგენენ და აღასრულებენ წესებს, მთავრობის მარეგულირებლებს კი უჭირთ ცენტრალური როლის შესრულება.

გაკვეთილი ნათელია: თუ გსურთ შექმნათ ახალი ეკონომიკური ინსტიტუტი, ჩადეთ ის თამაშში. გსურთ ექსპერიმენტი განახორციელოთ საფონდო ბირჟაზე ან ფასიან ქაღალდებზე ტრადიციული სამთავრობო რეგულირების სფეროს მიღმა? სცადეთ კრიპტოსთან შერწყმული თამაშების სამყარო და საბოლოოდ თქვენმა „თამაშმა“ შეიძლება გავლენა მოახდინოს რეალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე.

მარეგულირებელი ორგანოები დღემდე ცდილობენ იყვნენ მკაცრები. ამჟამად ძნელია სრულად რეალიზებული ახალი სამყაროების შექმნა ისეთი რამის შექმნის გარეშე, რაც იურიდიულად განსაზღვრულია, როგორც არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი. ეს რეგულაციები დიდ ყურადღებას არ იქცევენ მედიის მხრიდან, მაგრამ სწრაფად იქცევიან ყველაზე მნიშვნელოვან და შემზღუდველ წესებად.

ამავე დროს, მარეგულირებლები უკვე ჩამორჩებიან. ისევე როგორც თამაშები აღემატება კულტურის სამყაროს, ისევე სცდება მარეგულირებლების შესაძლებლობებს სხვადასხვა მიზეზის გამო: დაშიფვრა, კრიპტოვალუტის გამოყენება, ვირტუალური რეალობის დაცვის სირთულეები, განსხვავებული წესები უცხო ქვეყნის იურისდიქციებში და სხვათა შორის, ექსპერტების ნაკლებობა.

თამაშების მიერ კულტურის და რეგულაციის შესუსტება მის ერთ ძირითად მახასიათებელს უკავშირდება: ისინი დამოუკიდებელ სამყაროებს წარმოადგენენ. აქამდე ინსტიტუტები და სტრუქტურები დამოკიდებული იყო შედარებით ღია და გადამკვეთ იდეათა ქსელებზე. თამაშები ამ სივრცეების პრივატიზებას ახდენს. ეს გადასვლა არის დიდი ტენდენცია, რომელსაც თითქმის ვერავინ ამჩნევს თამაშებისა და კრიპტოვალუტის მიღმა.

თუკი დიდი ხნის დაანონსებული "მეტავერსის" დრო ოდესმე მოვა, თამაშები გადაყლაპავს კიდევ ბევრ ინსტიტუტს, ან შექმნის მათ საწინააღმდეგო ვერსიებს. მიუხედავად იმისა, ეკუთვნით თუ არა თამაშების სამყაროს, ის მაინც მოდის თქვენი სამყაროების წინააღმდეგ. იმედი მაქვს მზად ხართ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ტაილერ ქოუენი