LIVE

Facebook-ი ხალხს ავღანეთიდან ევაკუაციაში დაეხმარა

02 სექ 202116:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 687
Facebook-ი ხალხს ავღანეთიდან ევაკუაციაში დაეხმარა
GOVERNMENT OF MEXICO

Facebook-ი აცხადებს, რომ მექსიკის მთავრობის ხელშეწყობით, 175 მოქალაქეს, მათ შორის საკუთარ თანამშრომლებს, ავღანეთიდან ევაკუაციაში დაეხმარა.

„საფრთხის ქვეშ მყოფი ჟურნალისტებისა და მათ ოჯახების გამოსაყვანად ძალისხმევას ჩვენც შევუერთდით. მექსიკის მთავრობის ხელმძღვანელობისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მხარდაჭერით, ჟურნალისტები მექსიკაში ჩავიდნენ", - დასძინა კომპანიამ. 

მექსიკის მთავრობა ადასტურებს, რომ თვითმფრინავში იმყოფებოდნენ აქტივისტები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები ოჯახებთან ერთად, მათ შორის 75 ბავშვი იყო. ავღანელები მექსიკაში 30 აგვისტოს ჩავიდნენ.

პარალელურად, უმსხვილესი სოციალური ქსელი ავღანეთში დარჩენილი ადამიანების უსაფრთხოების მიზნით, ვებგვერდზე დამატებით ზომებს იღებს. ავღანეთში Facebook-ის მომხმარებლებს "ერთი დაწკაპუნებით" შეუძლიათ დაბლოკონ პირადი გვერდი, ისე, რომ მათი მეგობრების გარდა, ინფორმაცია, მათ შორის, პროფილის ფოტო ან გვერდზე გაზიარებული პოსტები არ გაზიარდება და არ ჩამოიტვირთება. 

აგვისტოში Facebook-მა განაცხადა, რომ თავის პლატფორმაზე თალიბანის კონტენტს არ დაუშვებს, რადგან ეს ჯგუფი ტერორისტულ მოძრაობად მიიჩნევა. 

"თალიბანი აშშ-ის კანონმდებლობით სანქცირებულია, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. ჩვენი ორგანიზაციის პოლიტიკა კრძალავს მათ მომსახურებას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ წავშლით თალიბანის ან მისი სახელით მოქმედ ანგარიშებს და ვკრძალავთ მათ ქებას, მხარდაჭერას და წარმომადგენლობას", - ამბობს Facebook- ის პრესსპიკერი. 

გასულ კვირას მსოფლიო ბანკმა შეწყვიტა ავღანეთში პროექტების დაფინანსება, რადგან დაჯგუფების ხელისუფლებაში მოსვლა ფინანსური დახმარების მიზნობრივად გამოყენებას შეუძლებელს ხდის. იქამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ავღანეთს $370 მილიონზე წვდომა შეუჩერა.

თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანეთის ტერიტორიიდან ამერიკული დოლარისა და ანტიკვარული ნივთების გატანა აკრძალულია.