LIVE

ქაბულის აეროპორტში ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 4000-მდე შემცირდა

28 აგვ 202119:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1057
ქაბულის აეროპორტში ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 4000-მდე შემცირდა
Reuters

ქაბულის აეროპორტში ამერიკელი ჯარისკაცების რიცხვი 4000-მდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.  

სამხედროების ევაკუაციას დღეს დაასრულებს დიდი ბრიტანეთი. ბოლო რეისი, რომელსაც ბრიტანელები გადაჰყავს, ქაბულის აეროპორტიდან უკვე აფრინდა. სამხედროებთან ერთად, ბორტზე ავღანელებიც იმყოფებიან. 

"ვუახლოვდებით ევაკუაციის პროცესის დასასრულს, მაგრამ ჩვენ არ გვავიწყდება ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის დატოვება ესაჭიროებათ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათ დავეხმაროთ", - განაცხადა ავღანეთში ბრიტანეთის ელჩმა, ლორი ბრისტოუმ.

თეთრი სახლის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა 14 აგვისტოს შემდეგ ავღანეთიდან 111 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. 

ქაბულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების ევაკუაციის დასრულების ვადა 31 აგვისტოა. 

ცოტა ხნის წინ პენტაგონის ბრიფინგზე ცნობილი გახდა "ისლამურ სახელმწიფოზე" განხორციელებული იერიშის დეტალები. გენერალ-მაიორ უილიამ ტეილორის განცხადებით, უპილოტო თვითმფრინავებმა ავღანეთის აღმოსავლეთით ორი სამიზნის ლიკვიდაცია მოახდინა, ხოლო ერთი დაიჭრა. მისივე თქმით, დარტყმის შედეგად არცერთი სამოქალაქო პირი არ დაშავებულა.