LIVE

ყველაზე უსაფრთხო და მაღალი საფრთხის შემცველი ქვეყნები პანდემიის დრო - bloomberg-ის რეიტინგი

27 აგვ 202114:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 881
ყველაზე უსაფრთხო და მაღალი საფრთხის შემცველი ქვეყნები პანდემიის დრო - bloomberg-ის რეიტინგი

Covid-19-ის დელტა ვარიანტი უკუაგდებს წარმატების ყველა მოდელს, რომელიც ბოლო 18 თვის განმავლობაში გაჩნდა. წარუმატებლობა დადგა მაშინ, როცა პანდემიის ეტაპზე მკვეთრად შემცირებული ეკონომიკა აღდგენას იწყებდა.

დელტა ვარიანტის გავრცელებამ დრამატული ცვლილებები გამოიწვია Bloomberg-ის Covid-19-ის მიმართ მდგრადობის რეიტინგში. ახალი ზელანდია, რომელიც საუკეთესო შედეგს აჩვენებდა, 26 ადგილით ჩამოქვეითდა მას შემდეგ, რაც შემთხვევების ზრდის გამო მთავრობამ უმკაცრესი ლოქდაუნი დააწესა.

დღეის მდგომარეობით, პანდემიის პირობებში უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში ევროპული ქვეყნები ლიდერობენ. TOP-10 ყველაზე უსაფრთხო ქვეყნიდან 9 ევროპის კონტინენტიდანაა, ხოლო ნორვეგია მეორე თვეა პირველ ადგილს ინარჩუნებს. სკანდინავიური ქვეყნის მოსახლეობის 60% ვაქცინირებულია. შედეგად, სიკვდილიანობა შემცირდა და გაიხსნა საზღვრები აცრილი მოგზაურებისთვის. დაბალი სიკვდილიანობა, სწრაფი ვაქცინაცია და მოგზაურობის მაღალი მაჩვენებლები ნიდერლანდებსა და ფინეთს მეორე და მესამე ადგილებზე აყენებს.

საუკეთესო მაჩვენებლის მქონე ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. ნორვეგია
  2. ნიდერლანდები
  3. ფინეთი
  4. ირლანდია
  5. ავსტრია

დელტა ვარიანტმა მოიცვა აზიის კონტინენტიც. ყველა არსებული მიდგომის ეფექტურობა, რომლის მეშვეობითაც თავდაპირველად პათოგენის გავრცელების შეჩერება მოხერხდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ამ მხრივ ყველაზე რთული მდგომარეობა სამხრეთ აზიის ქვეყნებშია. რეგიონი გახდა ეპიცენტრი მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვლილთა ყველაზე მაღალი რიცხვით.

შესაბამისად, ყველაზე მაღალი საფრთხის შემცველი ქვეყნების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. მალაიზია
  2. ფილიპინები
  3. ინდონეზია
  4. ვიეტნამი
  5. ტაილანდი

დელტა ვარიანტის გავრცელებასთან ერთად, ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა შეერთებულ შტატებსა და ისრაელში, სადაც ვაქცინაციის წარმატებული კამპანია აწარმოეს და ეკონომიკის გახსნა შეძლეს, თუმცა ახლა საავადმყოფოების ინტენსიურ განყოფილებებში არავაქცინირებულ პირთა რაოდენობა იზრდება. დელტა ვარიანტის გავრცელების ფონზე აშშ რეიტინგში 25-ე ადგილზეა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: რეიჩელ ჩანგი, კევინ ვარლი, მაიკლ მუნიოზი, ფელიქს ტამი და მალავიკა კაურ მაკალი