LIVE

შეუძლია თუ არა საქართველოს თხილის მეორე უმსხვილესი მწარმოებელი გახდეს

26 აგვ 202117:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1613
შეუძლია თუ არა საქართველოს თხილის მეორე უმსხვილესი მწარმოებელი გახდეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის ამბიციური გეგმით, რამდენიმე წელში საქართველო მსოფლიოში თხილის მეორე უმსხვილესი მწარმოებელი იქნება. "ბიზნეს ფორმულა" დაინტერესდა რამდენად რეალისტურია აღნიშნული გეგმა და რა შემთხვევაში შეძლებს საქართველო იტალიის ჩანაცვლებას, რომელიც ამჟამად მეორე ადგილზეა.

როგორც თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, აღნიშნული მიზნის მისაღწევად მოსავლიანობის გაზრდაა საჭირო. კერძოდ, როგორც „ბიზნეს ფორმულას“ ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი თოდუამ განუცხადა, თუ საქართველო თხილის მოსავლიანობას 1 ჰექტარზე 2 ტონამდე გაზრდის, ანუ თითქმის გააორმაგებს, გეგმის რეალიზება შესაძლებელი გახდება.

„დღეს თურქეთი, დაახლოებით 800 ათას ტონა თხილს აწარმოებს. მეორე ადგილზე საშუალოდ 80-100 ათასი ტონით იტალიაა. ჩვენთან თხილის ბაღები, დაახლოებით 70 ათას ჰექტარზე გაშენებული. თუ შევძლებთ მოსავლიანობის 2 ტონამდე გაზრდას, დაახლოებით 3-4 წელში მეორე ადგილზე მყოფი იტალიის ჩანაცვლებაც მოხერხდება. ამ ეტაპზე, თხილის მოსავლიანობა 1 ჰექტარზე საქართველოში 1 ტონას უახლოვდება, თუმცა არის ბაღები სადაც გაცილებით მეტი მოსავალი მოჰყავთ“,- განაცხადა თოდუამ.

მისი თქმით, არის მოლოდინი, რომ წელს ქვეყანაში თხილის მოსავალი 60 ათას ტონას გადააჭარბებს. ამ ეტაპზე მოსავლის მხოლოდ 30%-ია აღებული და ერთი კილოგრამი გარჩეული თხილის ფასი 16-18 ლარია, ხოლო ნაჭუჭიანის 5-7 ლარი.