
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის გეგმით, რამდენიმე წელში საქართველო მსოფლიოში თხილის მეორე უმსხვილესი მწარმოებელი იქნება. ამის შესახებ ღარიბაშვილმა წალენჯიხაში მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოში თხილის ბიზნესი ძალიან წარმატებულია.
"საქართველო შედის Top ხუთეულში მთელ მსოფლიოში. პირველ ადგილზეა თურქეთი, შემდეგ მოდის იტალია და მესამე ვართ მსოფლიოში თხილის წარმოების მიხედვით. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ გადავიდეთ ეტაპობრივად, სულ რამდენიმე წელში მეორე ადგილზე. გვაქვს ამბიციური გეგმა და ხედვა, რომ თხილის წარმოების კუთხით საქართველო გახდეს მსოფლიოში მეორე მწარმოებელი ქვეყანა",-აცხადებს ღარიბაშვილი.
ცნობისთვის, მსოფლიოში თხილის უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორი თურქეთია, სადაც წელს 800 ათასი ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან. წელს თხილის მოსავალი საქართველოში 50-55 ათას ტონას მიაღწევს. როგორც "ბიზნეს ფორმულას" "საქსტატიდან" აცნობეს, 2021 წლის 7 თვეში საქართველომ საერთაშორისო ბაზრებზე 6 ათას ტონაზე მეტი $35.4 მილიონის ნაჭუჭგაუცლელი (435 ტონა) და ნაჭუჭგაცლილი (5.6 ათასი ტონა) თხილი გაყიდა.