
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები დელტა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურობას ინარჩუნებს, თუმცა კვლევის შედეგები მე-3 დოზის აუცილებლობაზე მიუთითებს - ამ დასკვნამდე დიდ ბრიტანეთში ჩატარებული მასშტაბური კვლევის ავტორები მივიდნენ.
კვლევის მიხედვით, Pfizer/BioNTech-ის მ-რნმ ვაქცინის ეფექტურობა სრული ვაქცინაციიდან 90 დღის განმავლობაში შემცირდა, თუმცა AstraZeneca-ს ვაქცინამ იმავე დროში კოვიდინფექციების წინააღმდეგ ეფექტიანობა მეტად შეინარჩუნა. როდესაც ვაქცინირებული ადამიანები დელტა შტამით დაინფიცირდნენ, მათ სხეულში ჰქონდათ არავაქცინირებულების მსგავსი ვირუსის მოცულობა, რაც ადასტურებს აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ბოლო შეფასებას.
კვლევის შედეგები, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს სრულად აცრილი ადამიანების “ბუსტერით” აცრას, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ბევრ ქვეყნას ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი მარაგი მოსახლეობის პირველი დოზით აცრისთვის.
აშშ-მა გუშინ განაცხადა, რომ სრულად ვაქცინირებულ ამერიკელებს აცრიდან 8 თვეში მე-3 დოზის მიღების უფლება ექნებათ. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ჯერ კიდევ ფიქრობს, თუ რომელ ჯგუფებისთვის იქნება “ბუსტერი” განკუთვნილი.
ისრაელში, სადაც Pfizer/BioNTech-ის მე-3 დოზის გამოყენება მიმდინარე თვეში დაიწყო, პირველადი შედეგები აჩვენებს, რომ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში “ბუსტერი” 86%-ით ეფექტურია.
გაერთიანებული სამეფოს კვლევა, რომელშიც PCR ტესტის 3 მილიონზე მეტი ნიმუში გაანალიზდა, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ეროვნული სტატისტიკის ოფისის მიერ ჩატარდა. ის ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და მას პროფესიული რეფერირება ჯერ არ გაუვლია.
“ჩვენ ვუყურებთ რეალურ მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ორი ვაქცინა, განსხვავებით კლინიკური კვლევის მონაცემებისა და ვხედავთ თუ როგორ ცვლის დელტა ვარიანტი როგორც Pfizer-ის, ასევე AstraZeneca-ს ვაქცინების ეფექტურობას”,- ამბობს რიდინგის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი უჯრედულ მიკრობიოლოგიაში, სიმონ კლარკი.
Bloomberg-ი აქვეყნებს ცხრილს, თუ როგორია ვაქცინების ეფექტიანობა მაღალი დატვირთვის ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ მე-2 დოზის მიღებიდან 14, 30, 60 და 90 დღეში.
მეორე დოზის მიღებიდან დაახლოებით ოთხ-ნახევარ თვეში, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს ვაქცინებით აცრილ ადამიანებს დაახლოებით ერთნაირი ვირუსული დატვირთვა ჰქონდათ, ამბობს ოქსფორდის უფროსი მკვლევარი, კოენ პუველსი, რომელიც კვლევის წარმართვაში მონაწილეობდა. დროთა განმავლობაში ვაქცინების ეფექტიანობას შორის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირდა.
შედეგებმა კიდევ უფრო გაამყარა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ვაქცინაციით საზოგადოებრივი იმუნიტეტის მიღწევა მართლაც საეჭვო იყოს, ამბობს ოქსფორდის სამედიცინო სტატისტიკისა და ეპიდემიოლოგიის პროფესორი, სარა უოკერი, რომელიც კვლევის განხორციელებას ეხმარებოდა.
ლონდონის სამეფო კოლეჯის მიწვეული პროფესორი, პენი უორდი, რომელიც კვლევის ჩატარებაში ჩართული არ იყო, ამბობს, რომ კვლევა არაფერს ამბობს მნიშვნელოვან საკითხზე - როგორ იცავენ ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და დაავადების გართულებისგან ვაქცინირებულ ადამიანებს დროთა განმავლობაში.
მეცნიერი ამბობს, რომ ადამიანს დელტა ვარიანტით ინფიცირებისგან სრულად არც ერთი ვაქცინა არ იცავს, მაგრამ ჰოსპიტალიზაციის დაბალი მაჩვენებელი ცხადყოფს, რომ ვაქცინებს, მინიმუმ, დაავადების გართულებისგან დაცვა შეუძლიათ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნაომი კრისგე