
ევროკავშირის მთავარმა დიპლომატი, ჯოზეფ ბორელი ავღანეთში ჰუმანიტარული და მიგრანტების კრიზისის თავიდან ასაცილებლად, თალიბანთან დიალოგის მომხრეა, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს საერთაშორისო აღიარებას არ ნიშნავს.
“ჩვენ უნდა დავუკავშირდეთ ქაბულის ხელისუფლებას, როგორიც არ უნდა იყოს ის. ომი თალიბანმა მოიგო”,- თქვა მან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ვიდეო შეხვედრის შემდეგ, სადაც დიპლომატებმა ავღანეთში არსებული მდგომარეობა განიხილეს.
“ჩვენ მოგვიწევს მათთან საუბარი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს დიალოგი, რათა თავიდან ავიცილოთ ჰუმანიტარული და პოტენციური მიგრაციული კატასტროფა”,- დასძინა მან ევროკავშირის ოფიციალური პირების ერთ-ერთ ყველაზე დიდ შიშზე - რომ ავღანეთში სიტუაციამ შეიძლება 2015 წლის სირიის კრიზისის მსგავსი ვითარება გამოიწვიოს. ასეთი დიალოგი “ასევე უნდა იყოს ორიენტირებული ავღანეთში უცხოელი ტერორისტების ყოფნის თავიდან აცილების საშუალებებზე”,- დასძინა მან. ბრიუსელი თავად დაზარალდა ტერაქტის შედეგად 2016 წელს.
ბორელმა ასევე გამოაცხადა, რომ გაგზავნის ევროკავშირის დელეგაციას ქაბულში, რათა “გააგრძელოს თალიბანთან დიალოგი პრაქტიკულ საკითხებზე” და ახსენა 400-მდე ავღანელისა და მათი ოჯახების ევაკუაციის აუცილებლობა, რომლებიც ევროპაში მუშაობდნენ.
ჯოზეფ ბორელმა ბოლო დღეების მოვლენებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოვლენა უწოდა. დასავლეთის ქვეყნების მიერ ჯარის გაყვანა ბორელმა შეცდომად მოიხსენია, თუმცა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება “პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა” მიიღო და შემდეგ ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ განახორციელა.
თალიბანი უფრო ზომიერი იმიჯის წარმოჩენას ცდილობს. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად, ბოევიკების ჯგუფმა პრესკონფერენცია გამართა და საკუთარ განზრახვებში ავღანელებისა და საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას ცდილობდა.
ბორელის კონფერენციის შემდეგ აცრემლებულმა ავღანელმა ჟურნალისტმა სთხოვა ბორელს, არ ეღიარებინა თალიბანი (როგორც ეს მოხდა NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენციის დროს) მკაფიო პირობების გარეშე. ევროკავშირის მაღალჩინოსანმა თქვა: “მე მესმის თქვენი გრძნობები და წუხილი. არ მითქვამს, რომ ვაღიარებთ თალიბანს, უბრალოდ ვთქვი, რომ უნდა ვესაუბროთ მათ და ჩვენ პირობებს დავუყენებთ ევროკავშირის ნებისმიერი მხარდაჭერისთვის” და კიდევ გაიმეორა ადამიანის უფლებებისა და გაეროს რეზოლუციების პატივისცემის აუცილებლობა.
“ვაპირებთ გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული”,- თქვა ბორელმა.