LIVE

ვისთვის შეიძლება გახდეს ტესტირება ფასიანი - გამყრელიძის განმარტება

17 აგვ 202112:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 2550
ვისთვის შეიძლება გახდეს ტესტირება ფასიანი - გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით მიმართა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ორ კვირაში ერთხელ კორონავირუსზე სავალდებულო წესით იტესტებიან, საკუთარი ხარჯით დაფარონ ტესტის საფასური. საუბარია მასწავლებლებზე, პოლიციელებზე, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებზე და სხვა. რაც შეეხება ექიმებს, როგორც გამყრელიძე ამბობს, სავარაუდოდ, ცვლილება მათ არ შეეხებათ.

გამყრელიძის განმარტებით, თუ მთავრობის მიერ შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო NCDC-ის ამ რეკომენდაციას გაიზიარებს, ტესტში ფულის გადახდა მოუწევთ მხოლოდ არავაქცინირებულ პირებს და ცვლილება სრულად ვაქცინირებულებს არ შეეხებათ. NCDC-ის დირექტორი აცხადებს, რომ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. 

"ტესტირება გახლავთ ერთ-ერთი მთავარი მეთოდი პანდემიის მართვის და საკმაოდ დიდ ფულს ხარჯავს სახელმწიფო ტესტირებებში. ყოველდღიური ტესტირებების საშუალო მაჩვენებელი ბოლო ერთ თვეში 38 ათასი გვაქვს. ამიტომ, დაახლოებით სექტემბრის 15-დან ვფიქრობთ, რომ ის ჯგუფები, რომლებიც აუცილებელი წესით იტესტებიან, სახელმწიფოს მიერ აღარ გაიტესტებიან და მათ ვალდებულება ექნებათ ტესტი ჩაიტარონ. ორჯერ ვაქცინირებულების შემთხვევაში ტესტირებას ისევ სახელმწიფო დააფინანსებს. თუ ვაქცინირებულები არ იქნებიან, მაშინ ან დამსაქმებელმა ან თვითონ უნდა გადაიხადონ ტესტის საფასური. სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ უფასო ვაქცინით, კეთილი ინებონ და აიცრან თუ არადა ვალდებულებაა, რომ ზოგი ორ კვირაში ან კვირაში ერთხელ ტესტირებულები იყვნენ. დადგება საკითხი, რომ ტესტირება უნდა ჩატარდეს ან დამსაქმებლის ან თავად ამ პერსონის ხარჯზე. ეს წინადადებაც წარდგენილია",- აცხადებს გამყრელიძე. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ინფორმაციით, 17 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად 831 815 აცრა ჩატარდა, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 245 207 ადამიანი.