
ჯორჯიის შტატში სენატის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომელშიც დემოკრატიული პარტიის კანდიდატები ლიდერობენ. თუ დემოკრატები ორივე კენჭისყრას მოიგებენ, სენატში ხმები თანაბრად გაიყოფა, თუმცა გადამწყვეტი ხმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს ექნება, რაც ნიშნავს, რომ წარმომადგენელთა პალატის შემდეგ დემოკრატიული პარტია სენატზეც მოიპოვებს უპირატესობას.
ჯორჯიის შტატის არჩევნების პარალელურად, კონგრესის ორივე პალატამ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და საარჩევნო კოლეგიის ხმები ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს.
ამ წუთებში შტატებში დაძაბულობა პიკს აღწევს. დონალდ ტრამპი დამარცხებას არ ეგუება. 100-ზე მეტი რესპუბლიკელი კონგრესმენი აცხადებს, რომ შედეგების დამტკიცებას მხარს არ დაუჭერს. თუმცა, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი არ აპირებს წინააღმდეგობა გაუწიოს ჯო ბაიდენის გამარჯვებულად ცნობას.
დაძაბულობაა ვაშინგტონის ქუჩებში. დონალდ ტრამპის მომხრეებმა კაპიტოლიუმის ბლოკირება მოახდინეს, პოლიციასთან შეტაკებები გრძელდება, ხოლო სენატი იძულებული გახდა შეეჩერებინა საარჩევნო კოლეგიის დებატები.
უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული თეთრ სახლში.
ინფორმაცია განახლდება Live რეჟიმში.
» აქციის მონაწილეები სენატის პალატაში შეიჭრნენ. ერთ-ერთი დემონსტრანტი ტრიბუნასთან ავიდა, საიდანაც სკანდირებდა, რომ "ტრამპმა მოიგო არჩევნები".
» ფედერალური უსაფრთხოების სამსახური კაპიტოლიუმის შენობაში განთავსდა.
» წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კაპიტოლიუმში იყო სროლა და არიან დაშავებულები.
» დონალდ ტრამპმა დემონსტრანტებს Twitter-ით მიმართა და მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვართ კანონისა და წესრიგის პარტია," განაცხადა მან.
» თეთრი სახლის ცნობით, ტრამპმა კაპიტოლიუმის დასაცავად ეროვნული გვარდია გამოიძახა.
» ჯო ბაიდენი დელავერის ქალაქ ვილმინგტონში, The Queen-ის თეატრში იმყოფება. არჩეული პრეზიდენტი, სავარაუდოდ, ვაშინგტონში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურება და დემონსტრანტებს მიმართავს. (CNN)
» ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ კაპიტოლიუმის წინ არეულობას ხელს "სრულიად ამაზრზენი" შეთქმულების თეორიები უწყობს. მან რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს მკაფიო განცხადებების გაკეთებისკენ მოუწოდა.
» ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მომიტინგეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ის აქციის მონაწილეებისგან მოითხოვს, პატივი სცენ სამართალდამცავებს და დატოვონ შენობა. პენსის თქმით, კაპიტოლიუმში შეჭრილი დემონსტრანტები სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემიან და "კანონის სრული სიმკაცრით" დაისჯებიან.
» პენტაგონი კონგრესის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზეა. მასობრივი არეულობიდან გამომდინარე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირებას იუსტიციის დეპარტამენტი უხელმძღვანელებს.
» სენატში დემოკრატების ლიდერმა ჩაკ შუმერმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც პრეზიდენტ ტრამპს მოუწოდეს, მიმართოს დემონსტრანტებს, რათა მათ დაუყოვნებლივ დატოვონ კაპიტოლიუმის შენობა.
» ბაიდენი სპეციალურ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ამერიკული დემოკრატია უპრეცედენტო თავდასხმის წინაშეა. კაპიტოლიუმის შენობაში არსებული ვითარება არ ასახავს "ნამდვილ ამერიკას". ბაიდენის თქმით, რაც ვაშინგტონში ხდება, არის არა პროტესტი, არამედ აჯანყება.
» ჯო ბაიდენის მიმართვა დონალდ ტრამპს: "პრეზიდენტის სიტყვებს მნიშვნელობა აქვს, რაც არ უნდა კარგი ან ცუდი იყოს ის. საუკეთესო შემთხვევაში, პრეზიდენტის სიტყვები შეიძლება შთამაგონებელი აღმოჩნდეს. უარეს შემთხვევაში, მას შეუძლია წაქეზება. ამიტომ, მე მოვუწოდებ პრეზიდენტ ტრამპს, გამოვიდეს ტელევიზიით და შეასრულოს დადებული ფიცი, რომ დაიცავს კონსტიტუციას და მოითხოვოს ამ ალყის შეწყვეტა".
» დონალდ ტრამპმა დემონსტრანტებს მიმართა: "წადით სახლში, მშვიდობის დროა". მიმართვაში მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნების გაყალბებაზეც ისაუბრა.
» "სამართალდამცავი ორგანოების მიერ განადგურებულია მინიმუმ ორი სავარაუდოდ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა - ერთი შენობაში, სადაც განთავსებულია RNC ოფისები და ერთი, კაპიტოლიუმის კომპლექსში" - განუცხადეს CNN-ს სამართალდამცავებმა.
» მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა კაპიტოლიუმის შტურმის დროს სულ მცირე 13 ადამიანი დააკავეს და 5 ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
» პოლიციამ მომიტინგეებს კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინა. თავდაცვის სერჟანტის განცხადებით, შენობა უსაფრთხოა. რამდენიმე წუთში აშშ-ს დედაქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდება.
» ვირჯინიის შტატის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
» დაძაბული მდგომარეობის გამო, ვაშინგტონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას დროებით აჩერებს.
» Facebook-მა დონალდ ტრამპის მიმართვა წაშალა. ვიდეოში მოქმედმა პრეზიდენტმა დემონსტრანტებს დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა იქვე გამოხატა თანაგრძნობა და გაიმეორა ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ. Facebook მიიჩნევს, რომ ეს ძალადობის გაგრძელების რისკს შემცირების ნაცვლად, კიდევ უფრო ზრდის.
» ვაშინგტონის პოლიცია ადასტურებს კაპიტოლიუმთან მომხდარო მასობრივი არეულობის დროს ერთი ადამიანის გარდაცვალებას. არსებული ინფორმაციით, ქალი კაპიტოლიუმის შენობაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.
» დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმის წინ მყოფ დემონსტრანტებს კიდევ ერთხელ, ამჯერად Twitter-ის მეშვეობით მიმართა. „მსგავსი მოვლენა ხდება მაშინ, როდესაც არჩევნებში წმინდა გამარჯვება ასე უცერემონიოდ და მანკიერად ჩამოერთმევათ პატრიოტებს, რომლებსაც დიდხანს ექცეოდნენ უსამართლოდ. წადით სახლში მშვიდობითა და სიყვარულით. ეს დღე სამუდამოდ დაიმახსოვრეთ!“ - წერს ტრამპი.
» კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილში წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ კონგრესის ლიდერებმა გადაწყვიტეს, განაახლონ ერთობლივი სხდომა გვიან ღამით, რათა დაადასტურონ ჯო ბაიდენის გამარჯვება. წერილში პელოსი აღნიშნავს, რომ სხდომა მას შემდეგ განახლდება, რაც კაპიტოლიუმის შენობა მზად იქნება ამისთვის. წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა უკვე გაიარა კონსულტაცია პენტაგონთან, იუსტიციის დეპარტამენტთან და ვიცე პრეზიდენტთან.
» მაიკ პომპეო კაპიტოლიუმის წინ განვითარებულ მოვლენებს Twitter-ის საშუალებით გამოეხმაურა. "ამერიკა იმაზე უკეთესია, ვიდრე რაც დღეს ვნახეთ კონგრესში, სადაც მე ვმსახურობდი".
» სენატის უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმში სხდომა ვაშინგტონის დროით 20:00სთ-ზე განახლდება (თბილისის დროით 05:00სთ).
» Twitter-მა 12 საათით დაბლოკა დონალდ ტრამპის გვერდი და კაპიტოლიუმში არეულობის შესახებ რამდენიმე ტვიტი წაშალა. წაშლილია ვიდეო, რომელშიც მოქმედი პრეზიდენტი მომხრეებს მიმართავდა. აღებულია ტრამპის ის ტვიტიც, სადაც ის წერდა, რომ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს არ აღმოაჩნდა "გამბედაობა". Twitter-ის მსგავსად ტრამპის მიმართვა წაშალეს Facebook-მა და YouTube-მა.
» კაპიტოლიუმში სხდომა განახლდა. პირველი განცხადება მაიკ პენსმა გააკეთა. "ძალადობა არასოდეს იმარჯვებს, იმარჯვებს თავისუფლება" - განაცხადა მან და კანონმდებლებს მუშაობის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
» კოლუმბიის შტატის გენერალურმა პროკურორმა კარლ რასინმა მაიკ პენსს კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედებისკენ მოუწოდა. „ჩვენ გვჭირდება მთავარსარდალი, რომელიც შეასრულებს თავის კონსტიტუციურ მოვალეობას". პროკურორმა მიმართა პენსს: ”შეასრულეთ თქვენი კონსტიტუციური მოვალეობა, დაიცავით ამერიკა, დაიცავით დემოკრატია და გამოიყენეთ 25-ე შესწორება“. 25-ე შესწორების ამოქმედება პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენებას გულისხმობს.
» წარმომადგენელთა პალატამ არიზონას შედეგების გამოწვევაზე უარი თქვა.
» სამართალდამცავებმა არეულობის დროს სამი ადამიანის დაღუპვა დაადასტურეს.
» აშშ-ს დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობას 15 დღით გაგრძელდება და ძალაში იქნება არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგაც.