LIVE

გლობალური პრესის თავისუფლება არნახული ზეწოლის ქვეშაა

06 აგვ 202121:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 958
გლობალური პრესის თავისუფლება არნახული ზეწოლის ქვეშაა
Bloomberg

გლობალური პრესის თავისუფლება არნახული ზეწოლის ქვეშაა. 2020 წელს რეკორდული რაოდენობის, 274 ჟურნალისტი იყო ციხეში. მოკლული მედიის მუშაკების რიცხვი მესამედით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით. კერძოდ, გასულ წელს 66 ჟურნალისტი მოკლეს, აქედან თითქმის ნახევარი აზიაში.

მსოფლიო პრესაზე ზეწოლას ინვესტორებისთვის უფრო რთული ბიზნეს ლანდშაფტიც ერთვის. ინფორმაციის შეზღუდულმა ნაკადმა შეიძლება გადაფაროს პოლიტიკური და მარეგულირებელი პრობლემები, ასევე პოტენციური თაღლითობა და კორუფცია. ეს გაზრდის ბიზნესის კეთების რისკს, განსაკუთრებით უფრო არასტაბილურ, განვითარებად ბაზრებზე, სადაც დაუმახინჯებელი ინფორმაცია შეიძლება უკვე მწირი იყოს.

გასულ წელს ჩინეთმა ათობით უცხოელი ჟურნალისტი გააძევა ვიზების განახლებაზე უარის თქმის გამო. თუმცა ჩინეთი არ არის მარტო ვიზების გაცემის იარაღად გამოყენების მხრივ. ოდესღაც პოპულარულმა სასაზღვრო ბაზრებმა, როგორიცაა ეთიოპია და მიანმარი, ასევე დააპატიმრეს ან გააძევეს უცხოელი და ადგილობრივი რეპორტიორები, რაც თითქმის შეუძლებელს ხდის იმის გარკვევას, თუ რა ხდება სინამდვილეში ადგილზე. შედეგად კაპიტალის შედინება აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან მოულოდნელად შეწყდა.

თურქეთში, რომელიც ჟურნალისტების დაპატიმრების კუთხით ასევე მოწინავეა, Bloomberg News-ის ორ ჟურნალისტს ამჟამად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ბრალდებით, რომ ისინი ცდილობდნენ ეკონომიკისთვის „ძირის გამოთხრას“ 2018 წლის სავალუტო შოკის გაშუქებით. გასულ წელს, ქვეყნის საბანკო მარეგულირებელმა ასევე გააფართოვა მანიპულაციური ვაჭრობის განმარტება, რომელიც ახლა უკვე მედიის საშუალებით ფინანსური აქტივების შესახებ "მცდარი ან არასწორი ინფორმაციის" გავრცელებასაც მოიცავს. ჟურნალისტების საქმის პროკურორებმა სოციალურ მედიაში კომენტარებისთვის ბრალი დასდეს 36 ადამიანს, რომლებიც ეკონომიკასა და ბანკების საქმიანობას კრიტიკულად აფასებდნენ.

ზოგიერთი ღონისძიება, რომელსაც მთავრობები მედიის მუშაკების დასაშინებლად იყენებენ, გლობალურ გამოხმაურებას იწვევს. ასეთი შემთხვევაა ბელორუსელი ოპოზიციონერი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავება მას შემდეგ, რაც მთავრობამ კომერციული თვითმფრინავი, რომლითაც ის მიემგზავრებოდა, იძულებით დასვა მინსკში. თუმცა, ნაკლებად სენსაციურ ნაბიჯებს, სამსახურში ჟურნალისტების შევიწროებას, ან „ყალბი ამბების“  წინააღმდეგ კანონების მიღებას, რომლებიც მთავრობებს საშუალებას აძლევს ცენზურა აამოქმედონ კრიტიკული გაშუქების მიმართ, შეიძლება თანაბრად დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს.

აღსანიშნავია, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ გააფრთხილა ინვესტორები ჰონგ-კონგში ბიზნესის წარმოების რისკების შესახებ, რადგან აქ ჩინეთი მეტ კონტროლს იძენს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჰონგ-კონგი და ჩინეთი პრესის თავისუფლებას არღვევენ, ფინანსური ბაზრები ყვავის. ჰონგ-კონგის IPO-ები ყველაზე ძლიერია 2010 წლის შემდეგ.

პრესის თავისუფლების საკითხი მრავალი კომპანიის რადარს მიღმა რჩება. ინვესტორებზე კი მისი გავლენის განზოგადება სხვადასხვა ქვეყნის მიხედვით რთულია.

Goldman Sachs-ის ყოფილი მთავარი ეკონომისტის, ჯიმ ო’ნილის თქმით, უფლებების თანდათანობითი ეროზია ინვესტორებს უნდა აშფოთებდეთ.

”ინვესტორები და ბიზნესი ძალიან უნდა ზრუნავდნენ პრესის თავისუფლებაზე, ხოლო სარედაქციო დამოუკიდებლობა არის ის, რაც უნდა დაიცვას ყველამ, მათ შორის ბიზნესმენებმა. ჩემი აზრით, ჭეშმარიტი, დამოუკიდებელი, სანდო ჟურნალისტიკის მნიშვნელობა სულ უფრო და უფრო იზრდება",- აცხადებს ო’ნილი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იან მარლოუ და იზაბელა სტეგერი