LIVE

თვითმფრინავის გატაცება და საერთაშორისო ტერორიზმი - რა მოხდა ბელარუსში

24 მაი 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 947
თვითმფრინავის გატაცება და საერთაშორისო ტერორიზმი - რა მოხდა ბელარუსში

Ryanair-ის თვითმფრინავი ათენიდან ვილნიუსამდე ასრულებდა რეისს, თუმცა ბელარუსის ცაზე გადაფრენის დროს, როცა ლიეტუვის საზღვარს უახლოვდებოდა, მინსკისკენ მიბრუნდა. ბორტზე 171 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორ აღმოჩნდა Ryanair-ის თვითმფრინავი ვილნიუსის ნაცვლად მინსკში

Ryanair აცხადებს, რომ ეკიპაჟს “ბელარუსმა აცნობა ბორტზე უსაფრთხოების პოტენციური საფრთხის შესახებ და უახლოეს აეროპორტში, მინსკში გამგზავრება დაავალა”. კომპანიის მტკიცებით, მინსკში ჩატარებულმა შემოწმებებმა "არაფერი გამოავლინა", მაგრამ არ ახსენა აქტივისტი და ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა და მინსკში დაფრენის შემდეგ დააკავეს.

უსაფრთხოების ძალები ჟურნალისტის შეყვარებულს თვითმფრინავში დაბრუნების უფლებას აძლევდნენ, მაგრამ მან მინსკში დარჩენა ამჯობინა. ლიტვის მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, სულ მცირე ოთხი ადამიანი ასევე არ დაბრუნებულა ბორტზე.

პროტასევიჩის დაკავების შემდეგ, თვითმფრინავს მინსკიდან გამგზავრების უფლება მიეცა და ვილნიუსში გაფრინდა. 

იცოდა და მისცა თუ არა ნებართვა ლუკაშენკოს ვლადიმერ პუტინმა და რა გავლენა ჰქონდა მას მომხდარზე - ამ კითხვაზე პასუხი უცნობია.

Belarus diverts plane to arrest journalist

ვინ არის რომან პროტასევიჩი 

26 წლის რომან პროტასევიჩი მედია კომპანიის, Nexta-ს ყოფილი რედაქტორი და მისი Telegram არხის შემქმნელია. ჟურნალისტმა 2019 წელს დატოვა ბელარუსი და აქტიურად აშუქებდა 2020 წლის არჩევნებსა და საპროტესტო გამოსვლებს. მან ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ ბრძოლაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ამის გამო, ლუკაშენკოს რეჟიმმა ის ტერორიზმსა და არეულობების ორგანიზებაში დაადანაშაულა და ბრალი წაუყენა. ახლა მას საკუთარ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა ემუქრება.

მგზავრებისთვის აშკარა იყო, რომ მომხდარს არანაირი კავშირი არ ჰქონდა უსაფრთხოებასთან და სპეცოპერაციის მიზანი ერთი ადამიანის დაკავება იყო. 26 წლის ჟურნალისტის დასაპატიმრებლად კომერციული ფრენის გატაცებამ დასავლეთის ქვეყნების გაოცება გამოიწვია. 

Belarus diverts plane to arrest journalist

როგორია ევროკავშირისა და აშშ-ის რეაქცია

”შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის ფრენის იძულებით გადამისამართებას და ჟურნალისტის, რომან პრატასევიჩის დაპატიმრებას. ამ შოკისმომგვრელმა ქმედებამ საფრთხე შეუქმნა 120-ზე მეტ მგზავრს, მათ შორის აშშ-ს მოქალაქეებს”,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. 

შეშფოთებას გამოხატავდნენ და ლუკაშენკოს ქმედებებს გმობდნენ ევროპელი ლიდერებიც.

“რეჟიმის აღმაშფოთებელი და უკანონო საქციელი გამოიწვევს შედეგებს. Ryanair-ის თვითმფრინავის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს”,- წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი Twitter-ზე.

“სერიოზული და საშიში ინციდენტი” უწოდა თვითმფრინავის გატაცებას NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

ტრადიციულად, გაცილებით მკაცრი განცხადებები გააკეთეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიცკიმ მომხდარს “სახელმწიფო ტერორიზმის უპრეცედენტო აქტი” უწოდა.

ევროკავშირის ლიდერების შეფასებებმა რეაგირების ეფექტურობის შესახებ დისკუსიაც გამოიწვია. ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი კოლეგებს აქტიური მოქმედებებისკენ მოუწოდებს. “ცვლილებების მისაღწევად გააკეთეთ უფრო მეტი, ვიდრე ღრმა შეშფოთებაა”,- აღნიშნავს ის.

როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები

ახლა ბევრი რამ დასავლელი ლიდერების ქმედებებზეა დამოკიდებული. შესაძლოა, ევროკავშირმა შემდგომი სანქციები დააწესოს მინსკის წინააღმდეგ. ბლოკის ლიდერები დღეს ორდღიანი სამიტის ფარგლებში, ბრიუსელში იკრიბებიან და მომხდარს განიხილავენ.  

როგორი უნდა იყოს ევროკავშირის რეაგირება, როდესაც მის ორ დედაქალაქს შორის მოძრავი თვითმფრინავი იძულებულია დაეშვას მესამე ქვეყანაში, რათა მთავრობის კრიტიკოსი დააპატიმრონ? სწორედ ამ კითხვაზე უნდა უპასუხონ ევროპელმა ლიდერებმა ბრიუსელში შეხვედრისას.