LIVE

ჩინეთში Hollywood-ს ადგილობრივი ფილმები უსწრებს

06 იან 202117:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 608
ჩინეთში Hollywood-ს ადგილობრივი ფილმები უსწრებს
Greg Baker/AFP/Getty Images

გასულ წელს ჩინეთმა კინოინდუსტრიის ბაზარზე ამერიკას პირველობა ჩამოართვა. მაშინ, როდესაც ვირუსის სწრაფად გავრცელების ფონზე ამერიკა და ევროპის ქვეყნებში ლოქდაუნი გრძელდება, კინოთეატრები დღემდე დახურულია, ხოლო კინოინდუსტრია ფაქტობრივად ვერ აგრძელებს მუშაობას, ჩინეთში კინოთეატრები ჯერ კიდევ ივლისში გაიხსნა. Covid-შეზღუდვების ფონზე კი, როდესაც Hollywood-ს არაერთი პრემიერის გადადება მოუწია, ჩინეთმა მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი ფილმი The Eight Hundred შესთავაზა. შედეგად, ჩინური კინოინდუსტრიის შემოსავალმა 2020 წელს 3.2 მილიარდ დოლარს მიაღწია. 

პანდემიით გამოწვეული მიზეზების გარდა, ბაზარზე ცვლილებისა და Hollywood-ისთვის დამატებითი გამოწვევის მნიშვნელოვანი ფაქტორი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბაზარზე მაყურებლების პრეფერენციის ცვლილებაცაა.  კინოინდუსტრიის სექტორში ჩინეთის შემოსავლების 84% ადგილობრივ ფილმებზე მოდის. მიმდინარე ტენდენციის თანახმად, მაყურებელი უპირატესობას ადგილობრივ ფილმებს ანიჭებს. უცხოური ფილმების ხარჯზე ადგილობრივი ფილმების პრეფერენციის უკან ჩინური ავტორიტარული რეჟიმიცაა, რომლის კონტროლი კინოინდუსტრიაზეც ვრცელდება.

გარდა ამისა, ამერიკული ფილმების ნაწილს ჩინეთში მწვავე კრიტიკა მოყვა. Walt Disney-ს Mulan-ს ადგილობრივები ჩინური კულტურის არასათანადოდ წარმოჩენას ედავებიან. რასისტული სცენების გამო, კრიტიკა მოყვა კიდევ ერთ ფილმს “Monster Hunter”, რომლის პროდიუსერს ბოდიშის მოხდა და ფილმის რედაქტირება მოუწია. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: შირლი ჟაო