LIVE

პაპიაშვილი: ვირტუალური ზონის პირის სტატუსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ხარვეზი არსებობს

03 აგვ 202115:19
3 წუთის საკითხავი
clock clock 3634
პაპიაშვილი: ვირტუალური ზონის პირის სტატუსთან დაკავშირებით საკანონმდებლო ხარვეზი არსებობს

აუდიტორული კომპანია "კრესტონ პაპიაშვილის" მმართველი პარტნიორის, დავით პაპიაშვილის განცხადებით, ვირტუალური ზონის პირის სტატუსის კომპანიების შემთხვევაში არსებობს საკანონმდებლო ხარვეზი - კანონმდებლობით კრიტერიუმები გაწერილი არაა.

როგორც მან “ბიზნეს ფორმულას” განუცხადა, საუბარია მაგალითად იმაზე, თუ რამდენი თანამშრომელი უნდა ჰყავდეს ან ხარჯის რა ნაწილი უნდა გაწიოს ამ სტატუსის მქონდე კომპანიამ საქართველოში.

რაც შეეხება თავად სტატუსს, ვირტუალური ზონის პირის სტატუსი 2011 წელს განისაზღვრა და მიენიჭა იმ კომპანიებს, რომლებიც საინფორმაციო ტექნოლოგიურ საქმიანობას ახორციელებენ. ისინი გათავისუფლებულნი არიან მოგების გადასახადისგან. 

“საგადასახადო კოდექსში განმარტებულია ვირტუალური ზონის პირის ცნება, თუმცა იქ არ წერია საქართველოში უნდა ჰყავდეთ თუ არა თანამშრომლები. სხვა კანონია საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ, სადაც გაკვრით წერია, რომ საქართველოში უნდა საქმიანობდნენ. გვაქვს ასეთი პრინციპი, რომ თუ ტერმინს განმარტავს საგადასახადო კოდექსი, სხვა კანონის განმარტებებს აღარ ვიყენებთ. საინფორმაციო ტექნოლოგიების შესახებ კანონში ადრეც ეწერა, უბრალოდ ნახეს, რომ გამორჩენილი აქვთ საგადასახადო კოდექსში და ახლა იმ კანონს იყენებენ. რეალურად არაფერი არ დაზუსტებულა”,- აცხადებს პაპიაშვილი.

საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონის შესახებ კანონში ვირტუალურ ზონაში საქმიანობაზე შემდეგი ჩანაწერი არსებობს: ვირტუალურ ზონაში საქმიანობას მიეკუთვნება იურიდიული პირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მიმართული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიების შექმნასთან. ჩანაწერის მიუხედავად, პაპიაშვილი ამბობს, რომ კანონში დაზუსტებული არ არის რა ოდენობის ხარჯი უნდა გაწიოს საქართველოში კომპანიამ.

21 ივლისს მთავრობამ ახალი დადგენილება მიიღო და ვირტუალური ზონის პირის სტატუსის მქონეებს შესაძლებლობა მისცა, საერთაშორისი კომპანიის სტატუსიც მიიღონ, თუმცა ამ შემთხვევაში მათ პირველადი სტატუსი უუქმდებათ.

საერთაშორისო კომპანიის სტატუსიც საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, თუმცა მაგალითად, მოგების გადასახადი 5%-ია, მაშინ როცა ვირტუალური ზონის სტატუსის მქონეები მოგების გადასახადს საერთოდ არ იხდიან. საშემოსავლო გადასახადის კუთხით საერთაშორისო კომპანიების შემთხვევაში მხოლოდ 5%-ია გადასახადი. 

პაპიაშვილი განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში თავად კომპანიებმა უნდა შეაფასონ დაბეგვრის ორი რეჟიმიდან მათთვის რომელია მისაღები, რადგან ორივე რეჟიმს თავისი უპირატესობები აქვს. როგორც ის ამბობს, თუ კომპანიისთვის მოგების გადასახადის შეღავათი უფრო პრიორიტეტულია, მაშინ ვირტუალური ზონის პირი სტატუსი იქნება მისთვის მნიშვნელოვანი, ხოლო თუ ხელფასის დიდი ხარჯი აქვს, საერთაშორისო კომპანიის სტატუსს აირჩევს. 

“საქართველოდან საქმიანობას რატომ არ ეწევიო, ეს საკითხი აქამდე არ ყოფილა აქტუალური. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ვირტუალური ზონის კომპანიები შემოწმებულები არიან მაგ საკითხზე და წინა წლებში არ მოდავებიან. ორივე სტატუსის შემთხვევაში [ვირტუალური ზონის პირის სტატუსი და საერთაშორისო კომპანიის სტატუსი] დაბეგვრის დეტალები შემოსავლების სამსახურის მხრიდან დაზუსტებული უნდა იყოს“,- აცხადებს პაპიაშვილი.

მისივე შეფასებით, კომპანიის სტატუსთან დაკავშირებული კრიტერიუმების შესახებ საკანონმდებლო ნორმებში არსებული ხარვეზის გამო კომპანიები არ უნდა დაჯარიმდნენ.