LIVE

რთველი წელსაც დასუბსიდირდება - რქაწითელი 90 თეთრი ეღირება

02 აგვ 202112:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 1302
რთველი წელსაც დასუბსიდირდება - რქაწითელი 90 თეთრი ეღირება

მთავრობა რთველს წელსაც დაასუბსიდირებს. რქაწითელის ჯიშის ყურძნის მინიმალური ფასი 90 თეთრი იქნება.

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, წელს ყურძნის ჭარბი მოსავალია მოსალოდნელი და მთავრობამ სუბსიდირების გადაწყვეტილება, მისი დაბინავება-რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მიიღო.

„წელს ქვეყანაში ყურძნის ჭარბ მოსავალს ველოდებით, დაახლოებით 300 ათას ტონას. ჩვენი ინფორმაციით, ჭარბი მოსავლის გამო ღვინის კომპანიებში თეთრ ყურძენზე მოთხოვნა დაიკლებს. სწორედ ამ ყველაფრისა და ჩვენი მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, რომ წელსაც მოვახდინოთ რთველის სუბსიდირება. ერთი კილოგრამი რქაწითელი ეღირება არანაკლებ 90 თეთრი, აქედან სახელმწიფოსგან კომპანიები მიიღებენ კილოგრამზე 35 თეთრს“,- განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა.

"მინდა, ფაქტები მივაწოდო ჩვენს მოსახლეობას - ბოლო 8 წელიწადში დაახლოებით 6 400 ჰექტარი ახალი ვენახი გაშენდა. ეს არის სწორედ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი. შედარებისთვის, მოსახლეობას რომ ვუთხრათ, 2012 წელს, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მაშინ ღვინის კომპანიების რაოდენობა ქვეყანაში იყო - 39. 2020 წელს 350 ღვინის კომპანიაა, ამაში შედის ღვინის მარნები, მცირე, საშუალო და მსხვილი კომპანიები. მთლიანობაში, კახეთის რეგიონისთვის, მეღვინეობიდან გამომდინარე 2012 წელს იყო 35 მილიონი ლარი, 2020 წელს აღნიშნული შემოსავალი 323 მილიონამდე გაიზარდა. 323 მილიონი შევიდა კახეთის რეგიონში, მხოლოდ ყურძნისგან. ეს არის რეალურად შედეგი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და განსხვავებას მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს საკუთარ ჯიბეზეც. ამხელა პროგრესი გვაქვს ამ დარგში. ეს არის სწორედ ჩვენს მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგი, რომელსაც ახლა ვიმკით და ეს ყოველივე ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“,- განაცხადა პრემიერმა.