LIVE

საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის - ასოციაცია

23 ივლ 202119:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1259
საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა ეკონომიკის მხარდაჭერისთვის - ასოციაცია

"ბანკების ასოციაციაში" აცხადებენ, რომ საბანკო სექტორი სტაბილურია და მზადაა იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც დღის წესრიგში დგას. როგრც ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ "ბიზნეს ფორმულას" განუცხადა, წლის პირველ ნახევარში ბანკების რეკორდულად მაღალი მოგება ეკონომიკის აღდგენას უკავშირდება. 

"საბანკო სექტორი მზადაა სწრაფი განვითარებისთვის და ეკონომიკის სწრაფი მხარდაჭერისთვის. საბანკო სექტორი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკისა და საბანკო სექტორის ქცევა მნიშვნელოვნად ასახავს ერთმანეთის მდგომარეობას. ეკონომიკური ზრდა იყო მაღალი და საბანკო სექტორი მყარად იზრდება, როდესაც ეკონომიკა მოიკოჭლებდა, 2020 წელს საბანკო სექტორის მომგებიანობა დაბალი იყო. ამასთან, მოგების ნაწილი არის 2020 წლის განმავლობაში მოლოდინებზე დაფუძნებული რეზერვების ამოტრიალების ხარჯზე, ანუ რეალურად გასულ წელს დაუწერელი მოგება წლევანდელ წელს აისახა. მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე გაგრძელდეს აღნიშნული ტენდენცია",- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე.

ცნობისთვის, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2021 წლის პირველ ნახევარში რეკორდულად მაღალი, 1 მილიარდ 60 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, რაც არა მხოლოდ 2020 წლის (99 მილიონი ლარი), არამედ 2019 წლის ჯამურ მოგებასაც (953 მილიონი ლარი) აღემატება. საქართველოს ეროვნული ბანკი ელის, რომ საბანკო სექტორი 2021 წელს სოლიდური მოგებით დაასრულებს.