LIVE

პაპუნა ლეჟავა: საბანკო სექტორი წელს სოლიდური მოგებით დაასრულებს

23 ივლ 202114:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1697

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, წლის პირველ ნახევარში ქართული ბანკების რეკორდულად მაღალი მოგება ძირითადად ეკონომიკის აღდგენას უკავშირდება.

როგორც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, ბანკების 1.06 მილიარდ ლარიანი წმინდა მოგების მიზეზებს შორისაა სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შემცირება და ეროვნული ბანკი ელის, რომ სექტორის ჯანსაღი მაჩვენებლები კვლავ შენარჩუნდება.

„გვაქვს ეკონომიკის ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპები და ბუნებრივია, რომ საფინანსო სექტორი ეკონომიკური გაჯანსაღების ერთ-ერთი ლოკომოტივია. შესაბამისად, იზრდება საფინანსო სექტორის მომგებიანობაც. უფრო კონკრეტულად, ეს მომგებიანობა განპირობებულია სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვის შემცირებით კომპანიებისა და შინამეურნეობების მდგომარეობს გაჯანსაღებასთან ერთად, მათ სესხების მომსახურება დაიწყეს და ის რეზერვები, რომლებიც ბანკებს 2020 წელს ზარალად ჰქონდათ აღიარებული, წელს შემცირდა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ ეროვნული ვალუტა გარკვეულწილად გამყარდა, რაც ერთი მხრივ ეხმარება უცხოური ვალუტის მსესხებლებს, რომ ვალებს მოემსახურონ და ასევე აქვს ბუღალტრული ეფექტი ბანკების მოგებაზე, რადგან რეზერვების ნაწილი უცხოურ ვალუტაშია და როცა ლარი მყარდება, ზარალი ავტომატურად. რაც შეეხება მოლოდინებს, წელს საბანკო სექტორი სოლიდური მოგებით დაასრულებს“,- აცხადებს პაპუნა ლეჟავა. 

რაც შეეხება საკითხს, წელსაც შეიძლება დადგეს თუ არა საბანკო სექტორი სესხების შესაძლო დანაკარგის რეზერვის შექმნის საჭიროების წინაშე, რადგან სწორედ 1.2 მილიარდ ლარიანი რეზერვის შექმნის გამო იყვნენ გასული წლის ნოემბრის ჩათვლით ბანკები ზარალზე, როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, უმოქმედო სესხების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„გაჯანსაღება დაწყებულია, თუ ეკონომიკაში დამატებითი შოკი არ გვქონდა, როგორიცაა ჩაკეტვა ან სხვა ეგზოგენური ფაქტორები, სესხების ხარისხის გაუარესებას არ უნდა ველოდოთ. უმოქმედო სესხების წილი მარტის მდგომარეობით 8.5% იყო, ამის შემდეგ კლება დაიწყო და დღეს უკვე 7%-საც ჩამოსცდა. თუ მსგავსი ტენდენციები გაგრძელდება, უკვე დამატებით შოკს საკრედიტო პორტფელზე არ ველით, თუმცა რისკები არსებობს, პანდემია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საკმაოდ მაღალია იმის რისკი, რომ კრიზისიდან ისეთი სისწრაფით ვერ გამოვიდეთ, როგორც ეს 6 თვე გვაჩვენებს“,- განმარტავს პაპუნა ლეჟავა.

ცნობისთვის, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2021 წლის პირველ ნახევარში რეკორდულად მაღალი, 1 მილიარდ 60 მილიონი ლარის მოგება მიიღეს, რაც არა მხოლოდ 2020 წლის (99 მილიონი ლარი), არამედ 2019 წლის ჯამურ მოგებასაც (953 მილიონი ლარი) აღემატება.

15 კომერციული ბანკი იანვარში ჯამურად 113 მილიონიან მოგებაზე გავიდა, ზრდა შემდეგი თვეების განმავლობაშიც გაგრძელდა და ყველაზე მაღალი, დაახლოებით 295 მილიონი ლარის მოგება გასულ თვეში, ივნისში დაფიქსირდა, რაც 115%-ით მეტია 2020 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ბანკების ძირითად ფინანსურ მაჩვენებლებს, 6 თვეში საბანკო სექტორის შემოსავლებმა 2 მილიარდ 900 მილიონამდე ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25%-ით მეტია და ძირითადად ფიზიკური პირების სესხებიდან მიღებულ შემოსავალს უკავშირდება. ბანკების ხარჯები წლიურად 19%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 690 მილიონი ლარი შეადგინა. ბანკებისთვის ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო. ამავე პერიოდში 15-მა ბანკმა ბიუჯეტში მოგების გადასახადის სახით 117 მილიონი ლარი შეიტანა.

ამჟამად ქართული საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, თუმცა, როდესაც „კრედო ბანკის“ მიერ "ფინკა ბანკი საქართველოს" შესყიდვა დასრულდება, სავარაუდოდ წლის ბოლოს, საქართველოში კომერციული ბანკების რაოდენობა 14-მდე შემცირდება.