LIVE

Euronews: საქართველო EU-ს ღირებულებების ერთგულების გამოვლენისგან შორს არის

23 ივლ 202112:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1010
Euronews: საქართველო EU-ს ღირებულებების ერთგულების გამოვლენისგან შორს არის

Euronews-ი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ ანალიტიკურ სტატიას აქვეყნებს, სადაც მწვავედ არის გაკრიტიკებული საქართველოს ხელისუფლება და მოქმედი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მერი ჰონიბოლი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი, ყურადღებას მართლმსაჯულების სისტემაზე, 19 აპრილის დარღვეულ შეთანხმებაზე, რუსეთისა და ეკლესიის გავლენებსა და 5 ივლისის მოვლენებზე ამახვილებს. 

“ბოლოდროინდელი ძალადობა თბილისში დაგეგმილი გეი პრაიდის წინააღმდეგ და ჟურნალისტებზე, რომლებიც ამ მოვლენას აშუქებდნენ (ერთი მათგანი უკვე გარდაიცვალა) აჩვენებს, თუ რამდენად შორს არის საქართველო ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ფასეულობების მიღებისგან. 

რეპრესიები ვრცელდება მედიასა და ბიზნესებზე, რომლებიც არ ინარჩუნებენ საკმარისად მჭიდრო ურთიერთობას მთავრობასთან. ჟურნალისტები და ოპოზიციური საშუალებები რეგულარულად ექცევიან პირდაპირი და არაპირდაპირი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ”,- წერს ჰონიბოლი და იხსენებს მედიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის ისეთ მცდელობებს, როგორებიც იყო კრიტიკულად განწყობილი მედიების მფლობელების წინააღმდეგ გამოძიებების დაწყება და “აჭარის ტელევიზიიდან თანამშრომლების გათავისუფლება”.

მერი ჰონიბოლი პოლიტიკური დევნის პრაქტიკაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ “სექტემბერში ევროპარლამენტმა მოუწოდა ხელისუფლებას", თავი შეიკავონ ოპოზიციის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაწყებისგან” და განახორციელონ სასამართლო სისტემის დაგვიანებული რეფორმები”. ყოფილი ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ მოწოდება ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა, განაგრძო სასამართლო სისტემაზე გავლენის მოპოვების მცდელობები და ნაჩქარევად დანიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რაც “ეწინააღმდეგებოდა მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას”. 

ყოფილი ევროპარლამენტარი შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების რისკებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ 2020 წლის ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, საერთაშორისო დამკვირვებლებმა დააფიქსირეს “ამომრჩევლებზე ზეწოლის შემთხვევები” და საუბრობდნენ, რომ “მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილი” იყო. ”მოგვიანებით ოპოზიციის ლიდერი, ნიკა მელია დააპატიმრეს და ოპოზიცია მხოლოდ მას შემდეგ დათანხმდა პარლამენტში ადგილების დაკავებას, რაც ევროკავშირის მხრიდან შუამავლობით, მელიას გირაო შეეფარდა” და გათავისუფლდა. მერი ჰონიბოლი მიიჩნევს, რომ “იზრდება შეშფოთება იმის შესახებ, რომ მსგავსი დარღვევები მოხდება ოქტომბრის არჩევნების დროსაც”.

ევროპარლამენტის ყოფილი წევრი ეკლესიის გავლენაზეც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ მიუხედავად ევროკავშირში გაწევრიანების დიდი მხარდაჭერისა, მოსახლეობა ეკლესიის გავლენის ქვეშ არის, ხოლო ეკლესიას აქვს “შეზღუდული, რეაქციული შეხედულებები და ეწინააღმდეგება საქართველოს დასავლურ კურსს. ეკლესია მჭიდრო კავშირშია რუსეთის ეკლესიასთან, სადაც პრაქტიკულად უკანონოა უმცირესობები. საერთო ჯამში, რუსეთის გავლენა კვლავ პრობლემად რჩება საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით დაგმო ჟურნალისტებზე თავდასხმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გეი აღლუმი “მიუღებელია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის”,- წერს სტატიის ავტორი. 

ევროპარლამენტის ყოფილი წევრი წერს, რომ თუ საქართველოს “კვლავ სურს ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობების დამყარება, პოლიტიკურმა კლასმა უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია დაიცვას სასამართლო დამოუკიდებლობისა და დემოკრატიის ფასეულობები, ასევე დაშორდეს ეკლესიის ხშირად რეაქციულ შეხედულებებს”.

მერი ჰონიბოლი 2000 წლიდან 2019 წლამდე ევროპარლამენტში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე იყო.  რეგულარულად წერს და ატარებს კამპანიებს ადამიანის უფლებებზე ქალთა უფლებების, რელიგიისა და პოლიტიკის კონტექსტში.