LIVE

ბრალეულობის დადგენის გარეშე, დასაქმებულს მარაგის დანაკლისს ვეღარ აანაზღაურებინებენ

22 ივლ 202111:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 916
ბრალეულობის დადგენის გარეშე, დასაქმებულს მარაგის დანაკლისს ვეღარ აანაზღაურებინებენ

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აიკრძალა.

ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს. საუბარია ძირითადად რითეილ სექტორზე. 

"ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ შემთხვევებში, სხვადასხვა ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესში არსებული ჩანაწერების მიხედვით, ყველა დასაქმებული დამსაქმებლისათვის მიყენებულ ზიანზე კოლექტიურ პასუხისმგებლობას იღებდა. დასაქმებული ვალდებული იყო აენაზღაურებინა დანაკლისი იმ შემთხვევაშიც, როდესაც ვერ დგინდებოდა პროდუქციის თუ თანხის დანაკლისის მიზეზი. ასევე, დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო ერთ-ერთი დასაქმებულის მხრიდან არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო პასუხისმგებლობა გაევრცელებინა სხვა დასაქმებულებზეც. სხვადასხვა შემთხვევაში, დასაქმებულს კაბალური პირობების დაკმაყოფილება და პასუხისმგებლობის კერძო საკუთრებით - უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფაც უხდებოდა",- აცხადებენ შრომის ინსპექციაში.

აქედან გამომდინარე, უწყებამ მიიჩნია, რომ როცა ცნობილი არ არის ზიანის მიმყენებლის ვინაობა, ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრება კოლექტიურად დასაქმებულებზე შრომის კოდექსის დადგენილ ფარგლებს სცდება. 

"კომპანიაში მოქმედი „კოლექტიური მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ“ ხელშეკრულებები მკვეთრად აუარესებს დასაქმებულთა მდგომარეობას და ეწინააღმდეგება საქართველოს შრომის კანონმდებლობას. შესაბამისად, კომპანია ვალდებულია თანამშრომელთა პასუხისმგებლობის სახეები განსაზღვროს ინდივიდუალურად",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.