LIVE

სად არის ჯეკ მა - ჩინელი მილიარდერი გაუჩინარდა

05 იან 202112:48
3 წუთის საკითხავი
clock clock 849
სად არის ჯეკ მა - ჩინელი მილიარდერი გაუჩინარდა
Marlene Awaad/Bloomberg

ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა უკვე რამდენიმე კვირაა, საჯარო სივრცეში აღარ ჩანს. ბიზნესმენის გაუჩინარება დროში ემთხვევა მის მიერ ჩინეთის მთავრობის ეკონომონიკური პოლიტიკის მძაფრ კრიტიკას. 

აღნიშნულის გათვალისწინებით, Businesstoday ვარაუდობს, რომ Alibaba-ს დამფუძნებელი შესაძლოა, დაკავებულია ან შინაპატიმრობაში იმყოფება. გამოცემას ამგვარი ეჭვის საფუძველს აძლევს ჩინური მედიის ვორდინგი, რომლის თანახმად, ჯეკ მა “ზედამხედველობის ქვეშაა” ("embracing supervision").  “ჩინეთისთვის უცხო არ არის დიდი ადამიანების დაპატიმრების შესახებ ინფორმაციის დამალვა. ასე რომ, “ზედამხედველობა” შესაძლოა ციხეს გულისხმობდეს,” წერს Businesstoday. 

ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი მედიასა და სოციალურ ქსელებში ნოემბერიდან აღარ ჩანს. ცოტა ხნით ადრე, ოქტომბერში შანხაიში გამართულ ღონისძიებაზე მან ჩინეთის ფინანსური სიტემის მარეგულირებელი ორგანოები ღიად გააკრიტიკა და რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა. ეს ყველაფერი დროში დაემთხვა ჯეკ მას მიერ დაფუძნებული კომპანიის Ant Group-ის 35 მილიარდ დოლარიანი აქციების განთავსების ჩაშლას, რაც სწორედ ჩინეთის მთავრობის მიერ ინიცირებული რეგულაციების შედეგად მოხდა. ამ ფაქტმა ინვესტორები, რომლებიც Ant Group-ის აქციებს მოუთმენლად ელოდნენ, შეაშფოთა, ხოლო თავად ჯეკ მა და მისი კომპანია მნიშვნელოვნად აზარალა. Alibaba-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 140 მილიარდი დოლარით, ანუ 17%-ით შეამცირა.

Bloomberg Businessweek-ი ვარაუდობს, რომ ოფიციალურმა პეკინმა ჯეკ მას მუდმივად მზარდ ძალაუფლებასთან მიმართებაში მოთმინება დაკარგა და ის უკვე პოლიტიკური და ფინანსური სტაბილურობის საფრთხედ აღიქმება მმართველი ძალისთვის. ჯეკ მას იმპერია მართლაც ძალიან გავლენიანია, სწორედ მან დააფუძნა და განავითარა ჩინეთის უმსხვილესი ტექნოლოგიური და ფინანსური გიგანტები, რომლებიც ახლა მილიონობით მომხმარებელს ითვლის და უმნიშვნელოვანესი გავლენა აქვს ჩინეთის მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 

"კომუნისტური პარტია ცდილობს ხაზი გაუსვას, რომ ჯეკ მა პარტიაზე დიდი არ არის," განაცხადა Bloomberg Businessweek-თან რანა მითერმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორმა.

"თუმცა ამავდროულად მმართველ ძალას სურს ისიც დაამტკიცოს, რომ ჩინეთი კარგი ადგილია ბიზნესის კეთებისთვის, რისთვისაც პარტიას მოუწევს აჩვენოს, რომ მეწარმეებს ამ ქვეყანაში წარმატების მიღწევა შეუძლიათ," დასძენს ის.

Ant Group-ის IPO, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესად იყო მონათლული მას შემდეგ შეფერხდა, რაც ჩინეთის მთავრობამ ანტი-მონოპოლიური კანონმდებლობის ცვლილების შესახებ განაცხადა და 22 გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა. ეს დოკუმენტი ინვესტორთა უმეტესობამ ჯეკ მას გაფრთხილებად აღიქვა. ამას მოჰყვა ახალი გაიდლაინები ფინანსურ სექტორში ჩართული მსხვილი კონგლომერატებისთვის, სწორედ ასეთია Ant Group-იც. მოგვიანებით კი კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ კონკურენტულ გარემოზე ზედამხედველობის გაძლიერების შესახებ განაცხადა იმ მიზნით, რომ მოხდეს "კაპიტალის არასათანადო ექსპანსიის" შეკავება. 

ჯეკ მა ჩინეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია. პრობლემების დაწყებასთან ერთად სულ უფრო მცირდება მისი ქონებაც - 4 იანვრის მონაცემებით, ის 50.1 მილიარდ დოლარს ფლობს, მაშინ როცა 27 ოქტომბერს მისი ქონება 61.7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.