LIVE

ქვრივიშვილი: სიმართლე არაა, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლის ეშინიათ

19 ივლ 202115:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1091
ქვრივიშვილი: სიმართლე არაა, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლის ეშინიათ

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ტურისტების მიერ ჯავშნების გაუქმებასთან დაკავშირებით.

როგორც ქვრივიშვილმა პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკის პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას აღნიშნა, გაუქმებულ ჯავშნებზე საუბრები ზედაპირულია და ვერ მოისმინა მტკიცებულებები "კატასტროფულად გაუქმებულ ჯავშნებთან" დაკავშირებით.

“სამ შემთხვევაზე აპელირება რაში სჭირდებათ ადამიანებს თუ მედიის წარმომადგენელებს, რომ ეს აქციონ ქვეყნის ტრაგედიად და დახატონ, რომ ტურიზმში აპოკალიფსი დაიწყო, ქვეყანაში ჩამოსვლა აღარავის უნდა, რადგან ტურისტებს ქვეყანაში ჩამოსვლის ეშინიათ. თურმე ადამიანები ფიქრობენ, რომ ქვეყანაში ჩამოვლისას მათი უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მინდა დღეს სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ამაზე ადამიანები ზედაპირულად საუბრობენ, მქონდა არაერთი პოლემიკა და ვერცერთი ციფრი ვერ მოვისმინე იმიტომ, რომ როცა ჩვენ ვსაუბრობთ კატასტროფულად გაუქმებულ ჯავშნებზე, პირველი კითხვა რაც თქვენც გაგიჩნდებათ არის, რა მოცულობაზე გვაქვს საუბარი, რამდენი ჯავშანი, რომელ სასტუმროებსა და ტურისტულ კომპანიებში გაუქმდა, მე პასუხები არ მიმიღია”,- განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სექტორში კვლევაც ჩაატარა, რათა მიეღო ინფორმაცია გაუქმებული ჯავშნების შესახებ, თუმცა გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ჯავშნების განსაკუთრებული გაუქმების ტენდენცია არ ჰქონიათ, მეტიც ბევრი ჯავშნები აქვთ. ამას გარდა, ქვრივიშვილი ამბობს, რომ გაუქმებული ჯავშნების დაახლოებით 5%, როგორც ინდუსტრიისგან აქვთ ინფორმაცია, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არ უკავშირდება. მისივე თქმით, სამინისტრომ ასევე სთხოვა ტურიზმის ასოციაციებს, იგივე შინაარსის კვლევა ჩაეტარებინათ, თუმცა ჯავშნების გაუქმების ბევრ შემთხვევაზე ინფორმაცია ვერ მიიღეს, რადგან ამ ასოციაციის წევრებმა თქვეს, რომ ტურისტული ჯავშნების გაუქმების ბევრი შემთხვევა არ ჰქონიათ. 

“ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ეკონომიკის სამინისტროს დავალებით გააკეთა შიდა მოკვლევა. გამოკითხულია ასამდე სასტუმრო, აქ იგულისხმება როგორც მცირე, საშულო, ისევე მსხვილი. 40-მდე ტურისტული კომპანია და დაახლოებით 200-მდე ბინა, რომელიც განთავსებულია Airbnb-ზე. გამოკითხულთა 95% აღნიშნავს რომ განსაკუთრებული ჯავშნების გაუქმება არ შეინიშნება, პირიქით, ფიქსირდება ე.წ ოვერბუქინგი. რაც ნიშნავს, რომ მომდევნო პერიოდის განმავლობაში ჯავშნების დინამიკა არის ჯანსაღი”,- აცხადებს ქვრივიშვილი.