LIVE

ისრაელმა, შესაძლოა, Pfizer-ის მილიონზე მეტი დოზა გადაყაროს

02 ივლ 202118:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 10502
ისრაელმა, შესაძლოა, Pfizer-ის მილიონზე მეტი დოზა გადაყაროს

ისრაელში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მილიონზე მეტ დოზას ვადა ივლისის ბოლოს ეწურება. ვადის გასვლის შემდეგ, შესაძლოა, ვაქცინები გადასაყრელი გახდეს, რადგან ისრაელმა ამ დრომდე ვერ მიაღწია სხვა ქვეყანასთან ვაქცინების გაცვლის შესახებ შეთანხმებას.

ისრაელის მთავრობამ დიდ ბრიტანეთს ვაქცინების გაცვლა შესთავაზა იმ დათქმით, რომ ახლა გაგზავნილ დოზებს სანაცვლოდ სექტემბერში დაუბრუნებდა, თუმცა საბოლოოდ ქვეყნებს შორის გარიგება არ შედგა. 

“ისრაელსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის მიმდინარეობდა დისკუსიები ვაქცინების გადაცემის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ორივე მხარის სურვილის მიუხედავად, ტექნიკური მიზეზების გამო, შეთანხმება არ შედგა”, - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის სპიკერი. 

ისრაელმა ვაქცინების ვადის გაზრდის თხოვნით ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანიასაც მიმართა, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, Pfizer-მა ქვეყანას ვადაგასული ვაქცინების გამოყენების ნება არ მისცა. კომპანიის განცხადებით, ის ვერ იძლევა გარანტიას, რომ დოზები 30 ივლისის შემდეგ უსაფრთხო იქნება.

გეგმა, რომელიც დაახლოებით 1 მილიონი დოზის პალესტინისთვის გადაცემას ითვალისწინებდა, ასევე, ჩაიშალა. ივნისში პალესტინის მთავრობამ გააუქმა Covid-19 ვაქცინების გაცვლის შესახებ შეთანხმება და განაცხადა, არ სურს ისეთი დოზების მიღება, რომლებსაც ვადა ეწურება.

"ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია" ქვეყნებს ურჩევთ, არ გადაყარონ ვაქცინა, სანამ არ ჩატარდება შესაბამისი კვლევა და არ დასტურდება შესაძლებელია, თუ არა მათი მოქმედების ვადის გახანგრძლივება. 

ისრაელი ვაქცინაციის ტემპით, მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. მისი მოსახლეობის 57%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია.