LIVE

2021: ამერიკის დახმარება საქართველოს

03 იან 202114:49
3 წუთის საკითხავი
clock clock 703
2021: ამერიკის დახმარება საქართველოს
Andrew Harrer/Bloomberg

კონგრესის შემდეგ, აშშ-ის სენატმა თავდაცვის აქტზე დონალდ ტრამპის ვეტო დაძლია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრამპის ვეტოს ამ მასშტაბის ორპარტიული წინააღმდეგობა აქვს. თავდაცვის მიმართულებით აშშ-ს პრიორიტეტებთან ერთად თავდაცვის ავტორიზაციის აქტში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და საპასუხო ზომებს, მათ შორის, Nord Stream-2-ის სანქციების გაფართოებას. ხოლო, საქართველოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში აშშ გააგრძელებს თავდაცვის სექტორში საქართველოს დახმარებას.

29 დეკემბერს დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2021 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს, რომლის თანახმად ამერიკა საქართველოს არაუმცირეს 132 025 000 აშშ დოლარით დაეხმარება, თუმცა, აშშ-ს დახმარების პირობად კანონმდებლებმა საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ ანგარიში დააყენეს, რომელიც სახელმწიფო მდივანმა შესაბამის კომიტეტებს კანონის ხელმოწერიდან 90 დღეში უნდა წარუდგინოს. 

ამავე კანონში, ამერიკა მკტიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და კვლავ, ქვეყნები, რომლებიც აღიარებენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, ამერიკის ბიუჯეტიდან დახმარებას ან რაიმე სახის ფინანსურ თანამშრომლობას ვერ მიიღებენ. გარდა ამისა, ამერიკა მიმართავს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დახმარება (მათ შორის გარანტიის ან კრედიტის სახით) არ გაუწიონ ქვეყნებს, რომლებიც არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის გავლენებთან ბრძოლას ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის პროგრამის ფარგლებში $290,000,000 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.

სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, ბიუჯეტის კანონში გათვალისწინებულია ასოცირების შესახებ შეთანხმების შესრულების მხარდასაჭერად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დახმარება ეკონომიკური მიმართულებითაც.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: როქსანა ტირონი და ერიკ ვასონი