LIVE

პუტინი ვაქცინაციის ხელშესაწყობად ზეწოლის მომხრეა

30 ივნ 202122:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 954
პუტინი ვაქცინაციის ხელშესაწყობად ზეწოლის მომხრეა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ხელშესაწყობად, მოსკოვსა და რუსეთის დანარჩენ ნაწილში ზომების გამკაცრებისა და ზეწოლის მომხრეა. ამის შესახებ მან ყოველწლიური ტელეხიდის "პირდაპირი ხაზის" მიმდინარეობისას ისაუბრა.   

ქვეყნის ლიდერმა სავალდებულო ვაქცინაცია გამორიცხა, თუმცა ადგილობრივ ოფიციალურ პირებს დაავალა გამოსცენ ბრძანებები, რომლებიც მილიონობით სახელმწიფო მოსამსახურესა და მომსახურების სფეროში დასაქმებულებს ვაქცინაციას მოსთხოვს. 

მიმდინარე კვირაში ამოქმედებული წესის მიხედვით, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში მოქალაქეებს ბარებსა და რესტორნებში მხოლოდ ვაქცინაციის ან ინფექციის გადატანის დამადასტურებელი QR კოდის წარდგენის შემდეგ უშვებენ.

მსგავსი სისტემის დანერგვა მაღაზიებში, გასართობ ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც იგეგმება.

პუტინი ადგილობრივი მთავრობების მიერ დაწესებულ შეზღუდვებს მიესალმა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანას “ლოქდაუნისგან” იხსნის. მისი თქმით, რუსეთი პანდემიას ბევრ ქვეყანაზე უკეთ უმკლავდება. 

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც Covid-19-ის მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო, ამ დროისთვის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა მოსახლეობის 16%-ს აქვს მიღებული. შედარებისთვის, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვაქცინირებულია. 

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა აღიარა, რომ რუსეთი ვერ შეასრულებს დასახულ მიზანს და შემოდგომამდე მოსახლეობის 60%-ს ვაქცინაციას ვერ შეძლებს.

ვაქცინაციის დაბალ ტემპს საზოგადოების მხრიდან რუსული ვაქცინებისადმი სკეპტიციზმით ხსნიან. 

სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტელეხიდის წინ რუსებმა 2 მილიონი შეკითხვა გააგზავნეს. კითხვები ძირითადად საშინაო  თემებს ეხება, რაც პუტინს საშუალებას აძლევს აჩვენოს, რომ ის ადგილობრივი პრობლემებით არის დაკავებული.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჰენრი მეიერი